ვარდების რევოლუცია

ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობა - 23 ნოემბერს თავისუფლების ინსტიტუტი კონფერენციას მართავს

თავისუფლების ინსტიტუტი 23 ნოემბერს კონფერენციების ციკლს იწყებს. პირველი კონფერენციის თემა ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობის, წარმატებების და ჩავარდნების გაანალიზება და მომავალი რეფორმების საგზაო რუკაზე მსჯელობა იქნება. კონფერენციის სახელწოდებაა “ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობა და მომავალი ნაბიჯები თავისუფლებისკენ".

"ეშლება, ვინც ფიქრობს, რომ ვარდების რევოლუცია 23 ნოემბერს დასრულდა. 

ვარდების რევოლუცია ამ დღეს მხოლოდ დაიწყო, რადგან ამ მოვლენის ამოცანას პოსტ-ტოტალიტარული, ნახევრად აგრარული ქვეყნის მოდერნიზება და ლიბერალურ დემოკრატიაზე დაფუძნებული ეროვნული სახელმწიფოს შექმნა წარმოადგენდა - რაც საზოგადოების სოციალურ ტრანსფორმაციას გულისხმობს და გაცილებით ხანგრძლივი პროცესია, ვიდრე რეჟიმის ცვლილება.

ამას გარდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მტკივნეული და საჭირო რეფორმა გატარდა, იყო აშკარა ჩავარდნებიც და ვარდების რევოლუციის მიზანი კვლავ მიუღწეველია. 

დღეს კი, მიღწეულ შედეგებს რეაქციული რეჟიმი ანადგურებს.

თავის დროზე, პოსტ-რევოლუციური რეფორმების წარმატება განაპირობა იმან, რომ თავისუფლების ინსტიტუტის ინიციატივით, რევოლუციამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო მუშაობა იმ შინაარსის შექმნაზე, რაც ცვლილებებს უნდა შეეძინა.

იგივეს ვაკეთებთ ახლაც.

თავისუფლების ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ცდილობს იმ შინაარსის შექმნას, რაც მომავალმა ცვლილებებმა უნდა შეიძინოს.

სწორედ ამ ცვლილებების შინაარსის გასაცნობად და სამსჯელოდ, თავისუფლების ინსტიტუტი 23 ნოემბერს იწყებს კონფერენციების ციკლს.

პირველი კონფერენციის თემა ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობის, წარმატებების და ჩავარდნების გაანალიზება და მომავალი რეფორმების საგზაო რუკაზე მსჯელობა იქნება" - წერს ორგანიზაცია.

კომენტარები