ვარდების რევოლუცია

ლეჟავა: დიდწილად, ვარდების რევოლუციამ განაპირობა, თუ როგორები ვართ ჩვენ ახლა

ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. შუახნის კაცის გადმოსახედიდან, აუცილებელია, ვთქვა, რომ 20 წელი გასულა, რაც იმას აღწერს, რომ რაღაც თაობები გამოიცვალა. მნიშვნელოვანია, რომ ვარდების რევოლუცია სათანადოდ შეფასდეს [...] ჩემი აზრით, ვარდების რევოლუციამ არა მარტო ლიდერების, არამედ, მისი აქტიური მონაწილეების მოლოდინებსაც გადააჭარბა [...] საზოგადოებაში იმდენად სწრაფად გაიზარდა მოლოდინი, რომ ყველაფერი შეიძლება და ეს თუ შეიძლება, ესეც შეიძლება - სასამართლო რატომ არ უნდა გვქონდეს ისეთი, როგორიც უნდა იყოს. დემოკრატიული ინსტიტუტები რატომ არ უნდა იყოს და ა.შ. იმ აჩქარებით, რაც ვარდების რევოლუციამ საზოგადოებას მისცა, ბევრად წინ გაუსწრო იმას, თუ რისი გაკეთება შეეძლო ხელისუფლებას [...] ვარდების რევოლუციამ საქართველოს ტრაექტორია ისე განსაზღვრა, რომ ამ ხელისუფლების პირობებშიც, ჩვენ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატები ვართ. 

მგონია, რომ 2003 წელთან შედარებით, საზოგადოება ბევრად უფრო დემოკრატიული, ტოლერანტულია და რაღაც უხილავი ბარიერებია გაჩენილი, რომელიც ნებისმიერ ხელისუფლებას რაღაც წითელ ხაზებს უწესებს [...] ახალგაზრდებთან ურთიერთობის ბედნიერება მაქვს და ხშირად ვატყობ ხოლმე, რომ მათი სტანდარტები ბევრად არის განპირობებული იმ ცვლილებებით, რაც ვარდების რევოლუციამ მოიტანა [...] ვარდების რევოლუციამ და შემდეგ უკვე მისმა მოტანილმა ცვლილებებმა საქართველოს სახე, როგორიც დღეს ის არის, იმდენად მნიშვნელოვნად განსაზღვრა, რომ ის ინერცია ამით უნდა შევაფასოთ.

მე მგონია, რომ დიდწილად ვარდების რევოლუციამ განაპირობა, თუ როგორები ვართ ჩვენ ახლა. თუმცა, არ მჯერა, რომ ეს შეუქცევადია და პოზიტიური მიმართულებით პატარ-პატარა ევოლუციები საჭიროა, რომ ეს ტრაექტორია გავაგრძელოთ. 

თქვა თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორმა, ვატო ლეჟავამ თავისუფლების ინსტიტუტის მიერ მოწყობილ კონფერენციაზე, რომელიც ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობის, წარმატებებისა და ჩავარდნების გაანალიზებასა და მომავალი რეფორმების საგზაო რუკაზე მსჯელობას მიეძღვნა.

კომენტარები