ვარდების რევოლუცია

თაბაგარი: ვარდების რევოლუციამ ჩემი და ჩემი თაობის ბევრი ადამიანის ფორმირება მოახდინა

როცა ყალიბდებოდა ჩემი პოლიტიკური თუ მოქალაქეობრივი იდენტობა, მაშინ მოხდა ზუსტად ვარდების რევოლუცია, პირველ კურსზე ვიყავი უნივერსიტეტში. მქონდა უკვე იმ რაღაც ჭაობის გამოცდილებაც, საბედნიეროდ, არც ისე დიდი, მალე დასრულდა. უკვე 18 წლის რომ გავხდი ცვლილებები დაიწყო ქვეყანაში, რომელმაც მოახდინა ფორმირება ჩემი და ჩემი თაობის ბევრი ადამიანის.

რწმენა, ალბათ, ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რომელიც ჩვენ შევიძინეთ, რომ რაღაცები იყო შესაძლებელი და დღემდე მჯერა ამის, რომ ბევრი რაღაცის გაკეთება არის შესაძლებელი. მჯერა ამ ქვეყნის უდიდესი პოტენციალის, რომელიც მას აქვს და ეს, ალბათ, არის დამსახურება იმ პერიოდის, როცა შეიძლება "top down", შეიძლება სწრაფად, მაგრამ ცვლილებები ხდებოდა ამ ქვეყანაში, რომელმაც განაპირობა ჩვენი იდენტობის შექმნა, როგორც ქართველის, ევროპელის, თანამედროვე ქართველი როგორიც არის - მილენიალები და Gen Z. ალბათ, ვარდების რევოლუციის დიდი დამსახურებაა ეს ყველაფერი.

2007 წელს წავედი ქვეყნიდან სასწავლებლად. პირველი მაგისტრატურა ესტონეთში გავაკეთე, სადაც 2 წელი ვცხოვრობდი და ესტონეთი ისეთი ქვეყანა იყო, სადაც უკვე პირველი რევოლუციური წლების შემდეგ საამაყო იყო მაშინ ქართველობა, რაც მანამდე არ არსებობდა ჩემს თაობაში. უცებ გავხდი იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შეეძლო ეამაყა იმ ცვლილებებით. ეს Beacon of Democracy [დემოკრატიის შუქურა] და ის გლობალური იმიჯი, რაც საქართველოს შეექმნა, ჩემმა თაობამ საკმაოდ კარგად ისარგებლა ამით - გაგვეხსნა შესაძლებლობები, გაცვლითი პროგრამები, უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა, ბევრი რაღაც იყო.

თქვა Tbilisi Pride-ის ყოფილმა დირექტორმა, გიორგი თაბაგარმა თავისუფლების ინსტიტუტის მიერ მოწყობილ კონფერენციაზე, რომელიც ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობის, წარმატებებისა და ჩავარდნების გაანალიზებასა და მომავალი რეფორმების საგზაო რუკაზე მსჯელობას მიეძღვნა.

კომენტარები