სომხეთი

სომხეთი რომის სტატუტს ფორმალურად 2024 წლის თებერვლიდან შეუერთდება

სომხეთი 2024 წლის 1 თებერვლიდან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) რომის სტატუტს ფორმალურად შეუერთდება. ამის შესახებ ICC-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

"2023 წლის 14 ნოემბერს, სომხეთის რესპუბლიკამ ფორმალურად შემოიტანა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების ინსტრუმენტი. სტატუტი ძალაში შევა 2024 წლის 1 თებერვალს". – წერია განცხადებაში.

სომხეთი იქნება მსოფლიოში 124-ე ქვეყანა, რომელიც რომის სტატუტს შეუერთდება. სომხეთის პარლამენტში მის რატიფიცირებას 60-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 22 წინააღმდეგი იყო. პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა კანონს 13 ოქტომბერს მოაწერა ხელი.

რომის სტატუტი არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) წესდება.

ოპოზიციურ ფრაქცია სომხეთში თქვეს, რომ რომის სტატუტის მიღება "ანტიკონსტიტუციურია", ხოლო რესპუბლიკურ პარტიაში ამბობენ, რომ ეს ინიციატივა "მოცემულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში სავსეა მოულოდნელი შედეგებით".

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გაცემული აქვს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი. მას უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების დეპორტაცია ედება ბრალად. შესაბამისად პუტინი 120 ქვეყანაში ძებნილი გახდა.

სექტემბრის დასაწყისში სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, რუსეთთან გაუარესებული ურთიერთობის ფონზე, დაადასტურა, რომ ერევანი რომის სტატუტს მიიღებდა.

რუსეთის საგარეო უწყებაში ამბობდნენ, რომ სომხეთის მიერ რომის სტატუტის მიღება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს გაართულებდა.

რომის სტატუტი ამ დროისთვის რატიფიცირებულია მხოლოდ 123 სახელმწიფოში. საქართველო ხელშეკრულებას 2003 წლის 5 სექტემბერს შეუერთდა.

კომენტარები