საქართველოს პარლამენტი

ბოკუჩავა და წითლიძე მგალობლიშვილის ალკოჰოლზე შემოწმებას ითხოვენ - დაპირისპირება პარლამენტში

ენმ-ის წევრი ქალი დეპუტატები თინა ბოკუჩავა და ანა წითლიძე ქართული ოცნების დეპუტატ ლევან მგალობლიშვილის ალკოჰოლურ ტესტზე შემოწმებას ითხოვენ. ბოკუჩავას თქმით, ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები მუდმივად ხდებიან "ამორალური და უხამსი თავდასხმების" სამიზნე "რუსული ოცნების დეპუტატების" მხრიდან.

"ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა თავდასხმები "რუსული ოცნების“ კაცი დეპუტატების მხრიდან ქალი ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ. ქალი ოპოზიციური დეპუტატები, რომლებიც უკომპრომისოდ იბრძვიან ჩვენი ქვეყნის ევროპული, დემოკრატიული მომავლისთვის, მუდმივად ხდებიან ამორალური, უხამსი თავდასხმების სამიზნე "რუსული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან. დღეს, ამგვარ თავდამსხმელად მოგვევლინა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ლევან მგალობლიშვილი, რომლის მხრიდანაც არასდროს გაგვიგია არცერთი პოზიცია საპარლამენტო დებატებისას საქართველოსთვის საჭირბოროტო საკითხებზე" - თქვა თინა ბოკუჩავამ. 

ანი წითლიძის შეფასებით, ქართული ოცნების წევრები ამით მხოლოდ "საკუთარ სისუსტეს" აჩვენებენ.

"როდესაც კითხვებზე პასუხები არ აქვთ, გადადიან სრულ ისტერიკაზე. თუ ეს ნამდვილად არის პარლამენტი, ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოს ახლა ბატონმა ვოლსკიმ, ეს არის ის, რომ დაუწესოს სანქცია ბატონ მგალობლიშვილს, რაც მან ახლა იკადრა დარბაზში და ასევე, ჩვენ ვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ შეამოწმონ ეს ადამიანი ალკოჰოლურ ტესტზე, რადგან ეს ადამიანი არ იყო ფხიზელი" - თქვა ანა წითლიძემ.

პარლამენტის სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატ ლევან მგალობლიშვილსა და რამდენიმე ოპოზიციონერს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ლევან მგალობლიშვილმა ჯერ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს და ფრაქციის თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას მიმართა - “ნაბიჭვარო, წესიერად…შენ ხარ უზრდელი”, შემდეგ კი ნაციონალური მოძრაობის წევრს, ანა წითლიძეს, მიკროფონი მოუქნია. საპასუხოდ, წითლიძემ მმართველი პარტიის წევრს ქაღალდები ესროლა.

სხდომაზე იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საუბრობდა ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე, რასაც თინა ბოკუჩავამ "ტყუილი" უწოდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება.

კომენტარები