14 ნოემბერს ვაშინგტონში ისრაელისთვის სოლიდარობის ნიშნად მარშს 200000-მდე ადამიანი შეუერთდა.
აქციაზე ორივე პარტიის კონგრესის ლიდერები მივიდნენ და ისრაელის მხარდასაჭერად ორპარტიული ერთიანობა გამოხატეს. შეკრებილ ხალხს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა, სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა, წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრისმა და ასევე სენატორმა ჯონი ერნსტმა მიმართეს. მათ ისრაელს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.
მაიკ ჯონსონის თქმით, "ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებები შეურაცხმყოფელია". "ისრაელი მხოლოდ მაშინ შეწყვეტს კონტრშეტევას, როდესაც ჰამასი ებრაულ სახელმწიფოს საფრთხეს ვეღარ შეუქმნის", - დაამატა მან.
კონგრესის ლიდერებმა ასევე დაგმეს პროპალესტინურ დემონსტრაციებზე ხშირად გაჟღერებული სლოგანი "მდინარიდან ზღვამდე პალესტინა გათავისუფლდება". ეს სლოგანი, ჯონსონისა და შუმერის აზრით, ებრაელებისთვის გენოციდის მოწყობისა და ისრაელის განადგურებისკენ მოწოდებაა.
მანამდე, აქციაზე შეკრებილებს ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმაც მიმართა. მისი თქმით, ეს აქცია, კეთილის ბოროტზე გამარჯვების, ხოლო სინათლის სიბნელეზე გამარჯვების მარშია. მიმართვისას ისრაელის პრეზიდენტმა ჰამასს აყვანილი ტყვეების გათავისუფლებისკენაც მოუწოდა.
ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 200-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.
საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.
ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.
22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.
28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო.