ფინეთი-რუსეთი

თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის გამო, ფინეთი რუსეთთან სასაზღვრო პუნქტების დაკეტვას განიხილავს

ფინეთის სასაზღვრო პუნქტ პელკოლადან დანახული რუსული სასაზღვრო პუნქტი სვეტოგორსკი, 2023 წლის 14 აპრილი
AP Photo/Sergei Grits, File

ფინეთის პრემიერმინისტრის, პეტერი ორპოსა და შინაგან საქმეთა მინისტრ მარი რანტანენის თქმით, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდის გამო, რუსეთთან საზღვარზე მდებარე ზოგიერთი პუნქტის დახურვას განიხილავენ.

რანტანენის თქმით, ფინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სასაზღვრო პუნქტებზე აგვისტოს შემდეგ რუსეთიდან მიგრანტების რაოდენობა არსებითად გაიზარდა. მთავრობა ეჭვობს, რომ ამის მიზეზი რუსეთის სასაზღვრო პოლიტიკის ცვლილებაა.

ორი ქვეყნის სასაზღვრო ორგანოები შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთის შეზღუდვაზე წლების განმავლობაში თანამშრომლობდნენ, თუმცა, ფინური მხარის აზრით, რუსეთმა საზღვარზე იმ ადამიანების გატარებაც დაიწყო, ვისაც საზღვრის კვეთისთვის შესაბამისი საბუთები არ აქვს.

"ცხადია, რომ ამ ადამიანებს საზღვრამდე მისვლაში ეხმარებიან. როგორც ჩანს ეს ძალიან გაცნობიერებული გადაწყვეტილებაა. მთავრობის გზავნილი ნათელია: ჩვენ სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამას და დავიცვათ ჩვენი საზღვრის უსაფრთხოება". - უთხრა ორპომ ჟურნალისტებს.

ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთი სასაზღვრო პოლიტიკის სავარაუდო ცვლილების მიზეზები არ იცის, თუმცა შესაძლოა ეს ფინეთის მიერ უკანასკნელ პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებთან იყოს კავშირში.

"შესაძლოა [რუს ოფიციალურ პირებს] ფინეთის საქმიანობაში რაღაც აღიზიანებთ. ამის შესახებ რუსეთის ხელისუფლებას უნდა ჰკითხოთ". - თქვა რანტანენმა.

გასულ წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო და მიმდინარე წლის აპრილში ალიანსის 31-ე წევრი გახდა.

კომენტარები