ოკუპირებული აფხაზეთი

სტოლტენბერგი ოჩამჩირის ბაზაზე: არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
Stian Lysberg Solum/AFP/Getty Images

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული ტერიტორიების სამხედრო ბაზების მოსაწყობად გამოყენება არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს ხვდება. 

"საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მტკიცედ ვუჭერთ მხარს. რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით, რომ რუსეთმა სეპარატისტული ტერიტორიების სამხედრო ბაზების მოსაწყობად გამოყენება შეძლოს. ეს კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და აჩვენებს იმას, თუ რამდენად შორს სურს რუსეთს წასვლა, რათა თავის სამხედრო მიზნებს მიაღწიოს უკრაინაში.

ასევე, მათ ისინი თავდაცვაზე გადაიყვანეს, რადგან უკრაინელებმა მიაღწიეს წარმატებას ყირიმში სამხედრო-საზღვაო ობიექტებზე თავდასხმაში და ამიტომ რუსეთი ალტერნატივებს ეძებს". - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა კითხვაზე საპასუხოდ, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსებას ეხებოდა.

5 ოქტომბერს ასლან ბჟანიამ თქვა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა მოეწყობა. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რუსულ მედია Известия-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"ჩვენი დღესასწაულის დღეს ჩვენთან შემოვიდა პატარა სარაკეტო ხომალდი, ჩვენ მის ბორტზე ავედით. ძალიან განვითარებული ხომალდია სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა მოეწყობა. ეს ყველაფერი მიმართულია რუსეთისა და აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ და ასეთი ტიპის თანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან ეს ემსახურება რუსეთისა და აფხაზეთის ფუნდამენტურ ინტერესებს და უსაფრთხოება ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია". – თქვა ბჟანიამ.

კომენტარები