საქართველო-ჩინეთი

იმედია, ზურაბიშვილის განცხადება არ დააზიანებს ურთიერთობებს – პრემიერი ჩინეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. მთავრობის ცნობით, "მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორი ქვეყნის მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობა და განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე დღის წესრიგი". ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა "სინანული გამოხატა" საქართველოს პრეზიდენტის განცხადების გამო და იმედი გამოთქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის LCI-სთან ინტერვიუ "გავლენას არ მოახდენს, არ დააზიანებს საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის უაღრესად პოზიტიურ ისტორიულ დინამიკას". ცნობისთვის,  LCI-ის კითხვაზე, "გულში იმედოვნებთ, რომ პუტინი და სი ძინ პინი ოდესმე გასამართლდებიან?", საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა - "ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? არა".

"პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ უაღრესად დადებითად შეაფასა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის განსაკუთრებული როლი, ხედვა და ეფექტური მმართველობის მიღწევები ჩინეთის ტრანსფორმაციასა და განვითარებაში, ამავდროულად ჩინეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ჩინეთის მთავრობის მიერ დაგეგმილი სხვადასხვა მასშტაბური რეფორმა, მათ შორის გლობალური მნიშვნელობის ინიციატივები, ასევე ჩინეთის პრეზიდენტის განსხვავებული და განსაკუთრებული ხედვა რეგიონული და საერთაშორისო პრობლემების მოგვარებისა და დარეგულირების კუთხით...

...შეხვედრაზე პრემიერმინისტრმა ამავდროულად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან დაკავშირებით, რომელიც მან ფრანგულ სატელევიზიო არხ LCI-სთან ინტერვიუში გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადება კატეგორიულად მიუღებელია და შემაშფოთებელია.

აღნიშნული რიტორიკა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის დამოკიდებულებას ჩინეთთან და არ შეესაბამება ორი ქვეყნის მეგობრული, სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას და ის ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას. პრემიერის განცხადებით, სამწუხაროდ, ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევით და სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ, ცალკეულ აქტივობებს ახორციელებს და საკუთარ შეფასებებს აკეთებს საერთაშორისო საკითხებზე, რომელიც თანხვედრაში არ არის ქვეყნის მთავრობის პოზიციასთან, რის გამოც უხერხულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს და სწორედ მისი მხრიდან კონსტიტუციური ნორმების საჯარო და უხეში დარღვევა გახდა მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ინიციირების მიზეზი.

პრემიერის განცხადებით, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პრეზიდენტი არ ახორციელებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. საქართველოში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ამგვარი მანდატი ქართველი ხალხისგან მხოლოდ საქართველოს მთავრობას აქვს მინიჭებული. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ფორმალურადაც კი არ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩინეთის სახელმწიფოს და მისი ლიდერის მიმართ.

პრემიერმინისტრმა სინანული გამოხატა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების გამო და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება გავლენას არ მოახდენს, არ დააზიანებს საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის უაღრესად პოზიტიურ ისტორიულ დინამიკას.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზაობა, შეინარჩუნონ ურთიერთობის აქტიური დღის წესრიგი და იმუშაონ ორი ქვეყნის კავშირების კიდევ უფრო განსამტკიცებლად" - ნათქვამია საქართველოს მთავრობის გავრცელებულ ინფორმაციაში.


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 სექტემბრიდან ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა უვიზოდ შეუძლიათ. იქამდე, 2023 წლის ივლისში, საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის დელეგაციის ჩინეთში გამართული რამდენიმედღიანი ვიზიტის პარალელურად გამოქვეყნდა ორი ქვეყნის ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.

კომენტარები