კანადა

კანადამ 6 რუსული კომპანია, მათ შორის, რუსული სამთავრობო მედიები დაასანქცირა

REUTERS

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. კერძოდ, სანქცირებულთა სიაში შეიყვანეს ცხრა ფიზიკური პირი და ექვსი კომპანია, მათ შორის არაერთი რუსული მედია. კანადის ხელისუფლების განცხადებით, ისინი მონაწილეობენ დეზინფორმაციის გავრცელებასა და პროპაგანდაში, რომელიც მხარს უჭერს უკრაინაში რუსეთის შეჭრას. 

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედებები არის მშვიდობისა და უსაფრთხოების უხეში დარღვევა, რამაც სერიოზული საერთაშორისო კრიზისი გამოიწვია". - ნათქვამია კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სანქციები დაუწესდა შემდეგ მედიებს: Известия-ს, Парламентская газета-ს, ტელეარხ РЕН-ТВ-ს, მედიაპროექტ RT Russia Beyond-ს. მათ გარდა, სანქცირებულთა სიაშია პარტია ერთიანი რუსეთის მიერ შექმნილი სოციალური კონსერვატიული პოლიტიკის ცენტრი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი.

ამასთან, სანქცირებულთა სიაშია რუსეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი იგორ ივანოვი.

ამჟამად კანადას სანქციები დაწესებული აქვს 475 რუსული კომპანიისა და 1 370 ფიზიკური პირის წინააღმდეგ.

კომენტარები