საქართველო-ევროკავშირი

მთავრობა: პრემიერმა მაკრონთან იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთის მხარდაჭერა უფრო გაძლიერდება

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის ემანუელ მაკრონს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის რეკომენდაციაზე, მიენიჭოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

"მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება ისტორიულია. საქართველო დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, რაც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს განსაზღვრავს. ირაკლი ღარიბაშვილმა ემანუელ მაკრონს ამ გზაზე თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა, ხაზი გაუსვა საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის, პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ეს კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც დაეხმარება საქართველოს, წარმატებით გადავიდეს გაწევრიანების შემდგომ ეტაპებზე.

შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ემანუელ მაკრონმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს და სხვადასხვა სფეროში  თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

მხარეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს და ისაუბრეს იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც საქართველოს შეუძლია ითამაშოს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად. ირაკლი ღარიბაშვილმა ემანუელ მაკრონს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში მიიწვია" - აცხადებს მთავრობა.

ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთში 8 ნოემბერს გაემგზავრა. ის პარიზის მშვიდობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები