კანდიდატის სტატუსი

ჰერჩინსკი: მითითებული ნაბიჯების განხორციელება შემდეგ ეტაპზე გადასვლისათვის გადამწყვეტია

გილოცავთ, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭების რეკომენდაცია გასცა! გულითადად ვულოცავ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, მთავრობას, ოპოზიციას, პარლამენტს, პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოებას და თქვენ, მედიას. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, გულითადად ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას, ხალხს, რომელიც მტკიცედ და თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას. ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოსახლეობის, მისი ხალხის ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერისა და ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული წინსვლის დიდი აღიარება იმიტომ, რომ ეს ევროპული მისწრაფებები საქართველოს ყველა მოქალაქეს აერთიანებს. მე არ შემხვედრია არცერთი საქართველოს მოქალაქე, ვისი სურვილიც არ იქნებოდა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდა.

ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესრულებას უკავშირდება. ამ ნაბიჯების განხორციელება შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის გადამწყვეტი იქნება. ეს გაფართოების პროცესის ბუნებაა. მუდმივი რეფორმები რათა თქვენი ქვეყანა მზად იყოს, რომ როგორც ევროკავშირის სრულუფლებიანმა წევრმა თავისი ადგილი დაიკავოს.

ანგარიში საქართველოს წინსვლას აღიარებს, თუმცა მასში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ჯერ კიდევ ჩასატარებელია მნიშვნელოვანი სამუშაო ისეთი არსებითი რეფორმების სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციისა. ამისთვის საქართველომ ევროპული პოლარიზაცია უნდა შეამციროს, ერთად დიდი მიღწევებია შესაძლებელი. ახლა საქართველოს ლიდერებმა, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ ერთად და კონსტრუქციულად უნდა იმუშაონ [...].

ამბობს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

კომენტარები