ამერიკული სანქციები

აშშ-ს მიერ სანქცირებულმა ბიზნესმენმა სები–სა და ლიბერთი ბანკის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ვლადიმირ პუტინი და ალიშერ უსმანოვი

რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ აშშ-ს მიერ სანქცირებული კომპანიის Metalloinvest-ის დამფუძნებელმა ალიშერ უსმანოვმა საქართველოს ეროვნული ბანკისა და ლიბერთი ბანკის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ქართულმა სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო.

მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში ქართული იურიდიული კომპანია MKD LAW დაიცავს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მხარე სადავოდ ხდის აშშ-ს დაწესებული სანქციების  საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ხარვეზიან იმპლემენტაციას, რომლის შედეგადაც, ლიბერთი ბანკმა Metalloinvest-ის დამფუძნებელს მასთან განთავსებული რამდენიმე მილიონიანი ევროს რაოდენობის აქტივებზე წვდომა სრულიად შეუზღუდა. 

წარმომადგენლის განმარტებით, ლიბერთი ბანკის მიერ ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც Metalloinvest-ისთვის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილების საფუძველი იყო, არ გამოქვეყნებულა და ლიბერთი ბანკი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისთვის გაგზავნილ ელექტრონულ წერილს დაეყრდნო. წარმომადგენლის პოზიციით, ლიბერთი ბანკმა მისი დაცვის ქვეშ მყოფს უფრო მეტი შეზღუდვა დაუწესა, ვიდრე ამას ამერიკული სანქცია ითხოვდა. აღნიშნულის შესახებ MKD LAW-ს წარმომადგენელმა სანდრო სამადბეგიშვილმა BMG-სთან ინტერვიუში ისაუბრა. 

კომპანია Metalloinvest-ი შვეიცარიაში რეგისტრირებული სამთო მოპოვების და მეტალურგიული კომპანიაა, რომელიც რუსეთისა და დსთ-ს ქვეყნებში რამდენიმე ქარხანას ფლობს. კომპანიის აქტივები რამდენიმე მილიარდ დოლარს შეადგენს. მისი დამფუძნებელი ალიშერ უსმანოვი აშშ-ს მიერ სანქცირებული პირია.

კომენტარები