ამერიკული სანქციები

მილერი: არცერთი ჩვენი ინდივიდუალური სანქცია არ შეცვლის ჩვენს ხედვას საქართველოზე

თეთრი სახლის პრესპიკერმა, მეთიუ მილერმა სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველდღიურ ბრიფინგზე აშშ-ს მიერ 14 სექტემბერს დაწესებულ ახალ სანქციებთან დაკავშირებით ისაუბრა და განმარტა, ვინ და რატომ მოხვდა სანქცირებულთა სიაში.

მილერის განცხადებით, ახალი სანქციები მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომში. ამას გარდა, მილერმა თქვა, რომ  სანქცირებულთა სიაში არიან ის ადამიანებიც, რომლებიც რუსეთის ენერგო სექტორში პუტინისთვის ფინანსური სარგებლის მოტანის მიზნით იყვნენ დაკავებულები.

მილერის თქმით, სანქცირებულთა სიაში ასევე შევხვდებით მათ, ვინც რუსეთს ომში გამოსაყენებლად ტექნიკას აწვდიდა.

''სანქცირებულთა შორის არიან რუსი ოლიგარქები, სხვადასხვა ბიზნესმენები და ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ეხმარებოდნენ". - თქვა მეთიუ მილერმა.

კითხვაზე, იქონიებდა თუ არა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება გავლენას აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობაზე, მილერმა უპასუხა: "ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები გავხდით და ჩვენ მიერ დაწესებული არცერთი ინდივიდუალური სანქცია არ შეცვლის ამ ხედვას".

აშშ-მ 14 სექტემბერს სანქციები დაადო 150-ზე მეტ ბიზნესსა და კერძ პირს რუსეთიდან, თურქეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და საქართველოდან. ახალი შეზღუდვების მთავარი მიზანი კრემლისთვის სანქციების არიდებაში ხელის შეშლაა. როგორც AP News-ი უსვამს ხაზს, ეს იქნება სანქციების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პაკეტი. მისი კიდევ ერთი მიზანი რუსეთის ენერგოსექტორის შეზღუდვაა.

მათ შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძეც.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფარცხალაძის გარდა, სანქციები დაუწესდა რუსეთის დაზვერვის სამსახურის ოფიცერს, ალექსანდრ ონიშჩენკოს. 

"ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში. ონიშჩენკომ და FSB-მ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა რუსეთის სასარგებლოდ გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა FSB-თან კავშირით". – აღნიშნულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. 

კომენტარები