ნატო-რუსეთი

რუსეთმა ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება ოფიციალურად დატოვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სათავო ოფისი მოსკოვში
MAXIM SHEMETOV/REUTERS

რუსეთმა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების (ეჩშძ) შესახებ ხელშეკრულება ოფიციალურად დატოვა და შეერთებული შტატები ცივი ომის შემდგომ NATO-ს გაფართოებით, მხარეთა შორის უსაფრთხოების პრინციპების დარღვევაში დაადანაშაულა. 

ეჩშძ-ს ხელშეკრულებას 1990 წელს პარიზში, NATO-სა და ვარშავის პაქტის წევრმა ექვსმა ქვეყანამ მოაწერა ხელი. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, როგორც კონვენციური იარაღის რაოდენობაზე, ასევე, არსებული იარაღის დიდი ნაწილის განადგურებაზე.

1999 წელს ეუთოს სამიტზე მხარეებს შორის ხელშეკრულების ადაპტირებული ვარიანტი გაფორმდა, თუმცა მისი რატიფიცირება NATO-ს წევრ ქვეყნებს არ მოუხდენიათ.

2007 წელს რუსეთის პრეზიდენტმა განკარგულებით შეაჩერა ხელშეკრულების მოქმედება,NATO-ს წევრი სახელმწიფოების მიერ მის რატიფიცირებამდე. აშშ და მისი მოკავშირეები 1999 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების რატიფიცირების წინაპირობად რუსეთის მიერ საქართელოსა და მოლდოვის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას აყენებდა. მოსკოვის პოზიციით, მათ მიერ საქართველოსა და მოლდოვის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას არ შეიძლება კავშირი ჰქონოდა NATO-ს წევრი სახელმწიფოების მიერ შეთანხმების რატიფიცირებასთან.  

2015 წელს რუსეთმა უკრაინაში შეჭრის მომდევნო წელს ხელშეკრულებაში მონაწილეობა შეწყვიტა, თუმცა ფორმალურად დარჩა მის ხელმომწერად.

რუსეთის მიერ შეთანხმებიდან გასვლა მკაცრად დაგმო NATO-მ და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ქმედება საფრთხის ქვეშ აყენებს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. "რუსეთი მრავალი წელი არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და ამ პროცესში ბელარუსის ჩართულობა ეწინააღმდეგება ხელშეკრულების ძირითად მიზნებს". - თქვეს NATO-ში.

უკრაინის ომმა დასავლეთსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები გაამწვავა. გასულ კვირას კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები ნულზეა

კომენტარები