ირანი

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა ირანის ციხეში შიმშილობა დაიწყო

ნარგეს მოჰამადი
AP Photo/Vahid Salemi, File

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის 2023 წლის ლაურეატმა, ირანელმა უფლებადამცველმა ნარგეს მოჰამადიმ ირანის ციხეში შიმშილობა დაიწყო. ის მისთვის და სხვა პატიმრებისთვის სამედიცინო დახმარების მიუწვდომლობასა და ირანში ქალებისთვის თავსაბურავის ტარების ვალდებულებას აპროტესტებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ნარგეს მოჰამადის თავისუფლების კამპანიის წარმომადგენლებმა გაავრცელეს. მათი თქმით, ნობელის პრემიის ლაურეატმა საკუთარ ოჯახს გაუგზავნა წერილი და შეატყობინა, რომ "რამდენიმე საათის წინ შიმშილობა დაიწყო".

"ნარგესმა დღეს შიმშილობა გამოაცხადა... აპროტესტებს ორ რამეს: ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკას ავადმყოფი პატიმრებისთვის სამედიცინო დახმარების გაჭიანურებასა და უგულებელყოფაზე, რაც ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაკარგვას იწვევს. "სიკვდილი" ან "სავალდებულო ჰიჯაბის" პოლიტიკას ირანელი ქალებისთვის". - წერია კამპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ მოჰამადი და მისი ადვოკატი გულისა და ფილტვების პრობლემების გამო მის სპეციალიზებულ საავადმყოფოში გადაყვანას კვირების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ. გავრცელებულ ტექსტში მოჰამადის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობა, ან რა აწუხებს მას, დაკონკრეტებული არ არის, თუმცა აღნიშნულია, რომ ისლამური რესპუბლიკა "პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც ჩვენს ძვირფას ნარგესს დაემართება".

ირანელ ოფიციალურ პირებს და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულ მედიას ნობელის პრემიის პატიმრობაში მყოფი ლაურეატის მიერ შიმშილობის დაწყება ჯერ არ დაუდასტურებიათ. კომენტარი არ გაუკეთებია არც ირანის მისიას გაეროში.

ნარგეს მოჰამადის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს მიენიჭა. ირანელი უფლებადამცველი მრავალი წელია ისლამურ რესპუბლიკაში ქალთა უფლებებისთვის იბრძვის.

კომენტარები