მოგების გადასახადი

"არამხოლოდ იზრდება, მცირდება კიდეც" – ფინანსთა მინისტრი ბანკების გადასახადებზე

"არამხოლოდ იზრდება, მცირდება კიდეც" - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ბანკებისთვის მოგების გადასახადის 20%-მდე ზრდასთან დაკავშირებულ კითხვას. მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ დივიდენდის გადასახადი, რომელიც ამჟამად 5%-ია, ნულდება.

"ორი გადასახადის გაერთიანებით ხდება გადასახადის განაკვეთის იგივე ოდენობაზე დატოვება... 5%-იანი დივიდენდის გადასახადი გადავა მოგების გადასახადში, რომელიც არის 15% და გახდება 20%. ეს იქნება 2023 წლიდან და შესაბამისად, 2023 წლის მოგებას შეეხება" - თქვა ხუციშვილმა და იქვე აღნიშნა, რომ ეს ორი გადასახადი აბსოლუტურად სხვადასხვაა. 

"დივიდენდის გადასახადი არის გადასახადი, რომელიც ხდება დივიდენდის გატანის შემთხვევაში, ხოლო მოგების გადასახადი მოგების მიღების დროს" - ამბობს ფინანსთა მინისტრი.

ანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადების ე.წ ესტონურ მოდელზე აღარ გადავლენ. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბანკებისთვის შენარჩუნდება მოგების გადასახადის არსებული სისტემა. ამასთან, ბანკებისთვის მოგების გადასახადი 15%-ის ნაცვლად 20% იქნება. პრემიერის თქმით, ამ გადაწყვეტილებით მთავრობა 2024 წლიდან დამატებითი შემოსავლის მიღებას ვარაუდობს.

"ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადადიან მოგების გადასახადების ე.წ ესტონურ მოდელზე. მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახდის არსებულ სისტემას. ესტონური მოდელის ჩანაწერი კი გაუქმდება. ამ ინიციატივით შევდივართ პარლამენტში, იმიტომ, რომ უბრალოდ გაუმართლებელია, ბანკებს ამხელა მოგება აქვთ, ორი მილიარდი სუფთა მოგება იქნება ბანკებისთვის წლის ბოლომდე. 

ამას გარდა, მოგების გადასახდი ბანკებისთვის იქნება 20%, ნაცვლად 15%-სა და ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან. მოგების გადასახადს ბანკები გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რაც მანამდე არ ხდებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაფასებთ ბანკების როლს ეკონომიკის ზრდაში, უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ გვაქვს ძალიან განვითარებული საბანკო სისტემა. ორი მსხვილი ბანკი არის ლომდონის საფონდო ბირჟაზე და ჩვენ, რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ მათ ხელშეწყობას. მაგრამ ეს არის მცირედი კორექტივები, რომელიც ჩვენ შევიტანეთ კანონმდებლობაში" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

2016 წელს პარლამენტმა მიიღო "ესტონური მოდელის“ შემოღების რეფორმა, ხოლო 2017 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყო მისი განხორციელება.

ესტონური მოდელის დანერგვის მიზანი ეკონომიკის ზრდის ტემპის დაჩქარება იყო. ამ მოდელით კომპანია იბეგრება მხოლოდ მაშინ, თუ ეს მოგება კომპანიიდან გადის. თუ ეს მოგება კომპანიაშივე რჩება, მაშინ კომპანია ამ თანხაზე მოგების გადასახადს არ იხდის. ამით მთავრობა კომპანიას ახალისებს, რომ თანხა, რომლის აკუმულირებაც მან მოახერხა, დარჩეს კომპანიაში, რათა ბიზნესი გაფართოვდეს.

კომენტარები