საქართველოს პარლამენტი

ბერაიაზე საუბრის მცდელობისას ელისაშვილს მიკროფონი გაუთიშეს, შემდეგ დარბაზიდან გააძევეს

კადრი ვიდეოდან/TV პირველი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოქალაქეების დეპუტატს ალეკო ელისაშვილს ირაკლი ბერაიაზე განცხადების მცდელობისას ჯერ მიკროფონი გამოურთეს, შემდეგ კი, პარლამენტის თავმჯდომარემ დარბაზიდან გააძევა.

"ეს პროცედურას არ ეხება... ბატონო ალეკო, გუშინაც გითხარით, დაიოკეთ ნერვები" - მიმართა პაპუაშვილმა ელისაშვილს.

მიკროფონის გათიშვის შემდეგ სიტყვიერი დაპირისპირება გაგრძელდა ალეკო ელისაშვილსა და დაჩი ბერაიას შორის.

"ნუ საუბრობთ მიკროფონის გარეშე, შენიშვნას ვაძლევ ალეკო ელისაშვილს" - თქვა პაპუაშვილმა და რამდენიმე წუთში მანდატურებს მიმართა, დეპუტატი დარბაზიდან გაეყვანათ.

"გაძევებთ დარბაზიდან, ოქმში ჩანაწერი გააკეთეთ, გაძევებულია დარბაზიდან" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

31 ოქტომბერს, ირაკლი ბერაიამ პარლამენტში თეონა აქუბარდიაზე თქვა, რომ "მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს". ამის გამო, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ითხოვს, ბერაიამ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს.

მოგვიანებით, ირაკლი ბერაიამ "გულწრფელად ბოდიში" მოიხადა, თუმცა, ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია აპირებს, რომ ქართული ოცნების წევრს, ირაკლი ბერაიას სასამართლოში უჩივლოს. 

"გაჩერებას არ ვაპირებ. ქართულმა ოცნებამ მოინდომა, რომ ცალყბად გაკეთებული ბოდიშით ინციდენტი ამოეწურა. საქმე არ არის ჩემი ან სხვა ქალი დეპუტატების დისკრედიტაცია, არამედ მოცემულობაა, როცა ეს ყველაფერი გენდერული ნიშნით ხდება და არის დისკრიმინაციული. ფაქტი შეიცავს სექსუალური შევიწროების ნიშნებსაც" - თქვა აქუბარდიამ.

პარლამენტში დეპუტატების მიმართ გაჟღერებული შეურაცხმყოფელი კომენტარები დაგმო სალომე ზურაბიშვილმაც. ვიდეომიმართვაში პრეზიდენტი ამბობს, რომ სიტყვები, რაც მოისმინა, მთლიანად შეურაცხყოფს საქართველოს პარლამენტს.

წითლიძისა და აქუბარდიას სიტყვიერ შეურაცხყოფას ლევან იოსელიანიც გამოეხმაურა და Facebook-ზე დაწერა, რომ "მსგავსი საუბარი არავის მატებს ღირსებას და მხოლოდ ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ახალისებს".

კომენტარები