უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები

ოლექსი არესტოვიჩი უკრაინის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას აპირებს

ოლექსი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი უკრაინის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას აპირებს. ამის შესახებ არესტოვიჩმა Интерфакс-Украина-ს უთხრა.

"დიახ, დავაყენებ ჩემს კანდიდატურას". - უპასუხა არესტოვიჩმა ჟურნალისტს კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას უკრაინის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში, თუკი ჩატარდება.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის გაზაფხულზე უნდა გამართულიყო, თუმცა, საომარი მდგომარეობის გამო, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდისთვის ჩაინიშნება ზემოხსენებული არჩევნები.

ამავდროულად, არესტოვიჩმა დაადასტურა, რომ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, საომარი და შიდა რეფორმების შეთავაზებები, რომლებსაც სოციალურ ქსელებში აქვეყნებს, მისი საარჩევნო პროგრამის ნაწილია.

ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას კი, არესტოვიჩმა ასე უპასუხა: "არაერთ საერთაშორისო შეხვედრაზე დავდივარ, მათ შორის, არაერთზე მე მთავარი სპიკერი ვარ".


ცოტა ხნის წინ უკრაინის პოლიციამ ოლექსი არესტოვიჩის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია უმაღლესი რადის დეპუტატმა ინა სოვსუნმა გაავრცელა.

28 სექტემბერს ინა სოვსუნმა მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს საჩივრით, რომ არესტოვიჩმა დაარღვია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ძალადობისა და სისასტიკის, რასობრივი, ეროვნული თუ რელიგიური შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის კულტის გავრცელებას. სასჯელი თავისუფლების სამ წლამდე აღკვეთაა.

ამ ეტაპზე ზუსტად უცნობია, გაიმართება თუ არა უკრაინაში 2024 წლის არჩევნები. ზელენსკის თქმით, ამ ვითარებაში არჩევნების ჩატარება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომელსაც ომში მყოფი უკრაინა ვერ გაიღებს.

კომენტარები