უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები

პოროშენკო ამბობს, რომ 31 მარტს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის

პეტრო პოროშენკო
Unian

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

პოროშენკო აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება მან ქვეყნის მიმართ ღრმა პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მიიღო. 

"ქვეყნის, თანამოაზრეების, უკრაინის წინა და მომავალი თაობების წინაშე ღრმა პასუხისმგებლობის გრძნობამ გამიღვიძა სურვილი, რომ კიდევ ერთხელ ვიყარო კენჭი უკრაინის პრეზიდენტობისთვის,"- თქვა პოროშენკომ. 

პოროშენკომ ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და ევროინტეგრაციაზე ისაუბრა. მანვე აღნიშნა, რომ 2024 წელს ქვეყანა ევროკავშირს გაწევრიანების მოთხოვნით მიმართავს. ის დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი მოთხოვნას დააკმაყოფილებს. 

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს გაიმართება. ამ დროის მონაცემით, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას 13 კანდიდატი აპირებს. პოროშენკო პრეზიდენტად 2014 წელს მას შემდეგ აირჩიეს, რაც წინა პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელიც ცოტა ხნის წინ, კიევის სასამართლომ სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ ცნო, რუსეთში გაიქცა. 

28 იანვარს გამოქვეყნებული სოციალოგიური კვლევის მიხედვით, პოროშენკო რეიტინგით მხოლოდ მე-3 ადგილს იკავებს. გამოკითხვებში პირველ ადგილს 20,2%-ით იულია ტიმოშენკო იკავებს.

კომენტარები