უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები

პოროშენკომ ზელენსკი 14 აპრილს დებატებზე კიდევ ერთხელ მოიწვია

უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც თავის მეტოქეს ვოლოდიმირ ზელენკის დებატებზე მისვლისკენ დღეს, 14 აპრილს მოუწოდა. 

"მილიონობით უკრაინელთან უფრო მნიშვნელოვანია ურთიერთობა, ვიდრე დასვენება პარიზში. ნუ ემალებით ამომრჩევლებს, ნუ გაურბიხართ პრესას, ნუ გეშინიათ ოპონენტის, ნუ კიდებთ ყურმილს. დაბრუნდით, ჩამოფრინდით და საბოლოოდ დაელაპარაკეთ ხალხს. შეხვედრამდე კვირას, სტადიონზე", - ამბობს პოროშენკო. 

უკრაინის პრეზიდენტობის ორი კანდიდატი პეტრო პოროშენკო და ვოლოდიმირ ზელენსკი დებატების გამართვის სხვადასხვა თარიღს ასახელებენ. 

არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებულმა, ზელენსკიმ თქვა, რომ მასსა და პოროშენკოს შორის დებატები კიევის სტადიონზე 19 აპრილს ჩატარდება.

სტადიონ "ოლიმპიკზე" დებატების ჩატარების ინიციატორი ზელენსკი იყო. ამ იდეით ის 4 აპრილს გამოვიდა და მოქმედ პრეზიდენტს მოსაფიქრებლად 24 საათი მისცა. 

უკრაინის საარჩევნო კომისიამ კანდიდატებს შესთავაზა დამოუკიდებლად გადაიხადონ ღონისძიების საფასური, რადგანაც ის წინასაარჩევნო აგიტაციად შეიძლება, ჩაითვალოს. თუკი დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის არხზე ჩატარდებოდა, კანონის მიხედვით, ის 19 აპრილს გაიმართებოდა. 

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტრო პოროშენკო დაუპირისპირდებიან.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს ჩატარდება.

კომენტარები