Starlink

მასკი: Starlink-ი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია

REUTERS/Gonzalo Fuentes

როგორც ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი საკუთარ X-ზე წერს, Starlink-ის მაღალი სიჩქარის ინტერნეტი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია.

"Starlink-ი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია!". – დაწერა მასკმა საკუთარ X-ზე.

როგორც Starlink-ის ვებგვერდზეა მითითებული, ინტერნეტის მიმღები დანადგარის ღირებულება საქართველოში 1 780 ლარი, მისი ჩამოტანა 235, ხოლო სერვისის ყოველთვიური საფასური 160 ლარი იქნება.

2021 წლის აგვისტოში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი საქართველოს თანამგზავრული ინტერნეტის მიწოდების ერთ-ერთ პირველ საპილოტე ქვეყნად განიხილავდა. 

2022 წლის ივლისში ილონ მასკის კუთვნილმა Starlink-მა საქართველოში შვილობილი კომპანია დააფუძნა და ავტორიზაციის მიზნით კომუნიკაციების კომისიასაც მიმართა. აქამდე კომუნიკაციების კომისია ავრცელებდა ცნობას, რომ SpaceX-ი საქართველოში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას გეგმავდა. ამავე წლის 14 ივლისს მასკის შვილობილ კომპანიას ავტორიზაცია მიენიჭა.

SpaceX-ის პროექტი Starlink-ი გლობალური თანამგზავრული სისტემაა, რომლის მიზანიც მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მიწოდებაა ისეთ ადგილებში, სადაც ინტერნეტკავშირი არასაიმედო, ძვირი ან მიუწვდომელი იყო. პროექტის შემუშავება 2015 წელს დაიწყეს. პირველი სატესტო პროტოტიპები TINTIN-ი 2018 წლის თებერვალში, ხოლო უშუალოდ Starlink-ის თანამგზავრების პირველი ჯგუფი ორბიტაზე 2019 წლის მაისში გაუშვეს. 2020 წლის შუისთვის პროექტის ფარგლებში თითქმის 12 000 თანამგზავრის გაშვება იგეგმება. 

კომენტარები