Starlink

Starlink-ი ინტერნეტის მიწოდებას მანქანებისა და თვითმფრინავებისთვისაც გეგმავს

ფოტო: arstechnica.com

კომპანია SpaceX გეგმავს, რომ Starlink-ის უსწრაფესი სატელიტური ინტერნეტი მოძრავ ობიექტებს, კერძოდ, მანქანებს, თვითმფრინავებსა და გემებს დაუკავშიროს. 

კომპანიის წარმომადგენლებმა უკვე მიმართეს აშშ-ის ფედერალური კომუნიკაციების კომისიას სპეციალური ნებართვის მისაღებად. 

SpaceX-ის სატელიტური პროგრამის დირექტორის, დევიდ გოლდმანის თქმით, ეს ახალი ტექნოლოგია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, უწყვეტ რეჟიმში მიიღონ ინტერნეტი, მაშინაც კი, როცა ისინი ავტომობილით გადაადგილდებიან ან თვითმფრინავით მგზავრობენ. 

ექსპერტების აზრით, ავტომობილების სწრაფ ინტერნეტთან დაკავშირება ავტონომიური შესაძლებლობების გაზრდას შეუწყობს ხელს, რაც, საბოლოო ჯამში, დააჩქარებს მანქანების ავტონომიზაციის პროცესს. 

კომპანია SpaceX-ს 1 000-ზე მეტი სატელიტი აქვს და Starlink-ის ინტერნეტით სარგებლობის საფასური თვეში 99 დოლარია, გარდა ამისა, საჭიროა სპეციალური მოწყობილობის შეძენა, რომელიც 499 დოლარი ღირს.

ამჟამინდელი მდგომარეობით, Starlink-ის ინტერნეტი გამოსაცდელ ფაზაშია და მისით სარგებლობა მხოლოდ აშშ-შია შესაძლებელი, თუმცა მისი დაფარვის ზონის მსოფლიო მასშტაბით გაფართოება იგეგმება. 

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ტექნოლოგიის დახვეწასა და მომხმარებლების რაოდენობის გაზრდასთან ერთად სერვისის ღირებულებაც შემცირდება და მეტად ხელმისაწვდომი გახდება. 
 

კომენტარები