ხელოვნური ინტელექტი

ჯო ბაიდენმა ხელოვნური ინტელექტის რეგულირების განკარგულებას მოაწერა ხელი

ჯო ბაიდენი ხელოვნური ინტელექტის შესახებ განკარგულებას ხელს აწერს
Doug Mills/The New York Times

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 30 ოქტომბერს ხელოვნური ინტელექტის შესახებ პრეზიდენტის განკარგულებას ხელი მოაწერა. განკარგულება ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული რისკების შემცირებას, ხოლო ტექნოლოგიის უსაფრთხოებისა და სანდოობის გაზრდას ისახავს მიზნად.

ბაიდენის თქმით, ხელოვნური ინტელექტის მიერ ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესების მიუხედავად, არსებობს შემთხვევები, როცა ამ ტექნოლოგიას საპირისპირო შედეგი მოაქვს, შესაბამისად, საჭიროა მისი "მართვა".

ამ ყოველივეს გათვალისწინებით, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, მათ "სხვა სახელმწიფოებთან შედარებით ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს ხელოვნური ინტელექტის დაცულობის, უსაფრთხოებისა და სანდოობის" უზრუნველსაყოფად.

წარდგენილი განკარგულების მიხედვით, ყველაზე ძლიერი და დიდი მოცულობის მქონე ხელოვნური ინტელექტის სისტემების შემქმნელ კომპანიებს უსაფრთხოების ტესტის შედეგების მთავრობასთან გაზიარების ვალდებულება უჩნდებათ, რათა დაამტკიცონ, რომ მათი ტექნოლოგია აშშ-ს ეროვნულ ინტერესებს ან ამერიკის მოსახლეობას საფრთხის ქვეშ არ დააყენებს.

თეთრი სახლის თქმით, აღნიშნული ზომები უზრუნველყოფს, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემები უსაფრთხო და სანდო იქნება, სანამ მათზე წვდომა საჯარო გახდება.

გამართულ შეხვედრაზე ბაიდენმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას ხშირად ადამიანების შეცდომაში შეყვანისთვის იყენებენ, რაც ხელს უშლის ხალხში ამ ტექნოლოგიისადმი ნდობის გაზრდას. ამ განკარგულებით, კომერციის დეპარტამენტის დახმარებით შემუშავდება ხელოვნური ინტელექტით შექმნილი მასალების მონიშვნის სტანდარტები, რათა ისინი მარტივად ამოსაცნობი იყოს.

ბაიდენმა ასევე ადამიანების პირადი ინფორმაციისა და უმცირესობების უფლებების დაცვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. იგი კონგრესს მოუწოდებს ორპარტიული შეთანხმებით ადამიანების პირადი ინფორმაციის დაცვის საჭირო კანონმდებლობა მიიღონ.

თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელოვნური ინტელექტის უპასუხისმგებლო გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს და გააღრმაოს სასამართლო სისტემაში, ჯანდაცვისა და ბინით უზრუნველყოფის საკითხებში დისკრიმინაცია. უმცირესობების უფლებების დასაცავად, განკარგულებაში ხაზგასმულია ფედერალურ დონეზე გასაგები გზამკვლევის არსებობის აუცილებლობა, რათა არ გაუარესდეს დისკრიმინაციის შემთხვევები.

თეთრი სახლის თქმით, უსაფრთხო და სანდო ხელოვნური ინტელექტისთვის აღნიშნული ნაბიჯები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. საპრეზიდენტო განკარგულება ტექნოლოგიის სექტორში თავდაპირველი სტანდარტებისა და წესების დადგენას ისახავს მიზნად, თუმცა ჯო ბაიდენს ამ მხრივ შეზღუდული ძალაუფლება აქვს. განკარგულების ზოგიერთი დირექტივა მხოლოდ რეკომენდაციას იძლევა და დამავალდებულებელი თვისება არ გააჩნია.

კომენტარები