უბედური შემთხვევა

ყაზახეთის მაღაროში 46 ადამიანი დაიღუპა

Inkaraganda.kz

28 ოქტომბერს ყაზახეთის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 46-ს მიაღწია.

"სამაშველო-სამძებრო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია 45 მაღაროელის სხეული და ერთი ადამიანის სხეულის ფრაგმენტები, სულ 46 დაღუპული. 40 გარდაცვლილის ვინაობა დადგენილია". – ამბობს ყარაღანდის ოლქის საგანგებო სამსახურის უფროსი სირიმ შარიპხანოვი.

ყარაღანდის ოლქში მდებარე კოსტენკოს სახელობის მაღაროში აფეთქება 28 ოქტომბრის დილას წინასწარი მონაცემებით მეთანის აალებას მოჰყვა. აფეთქების მომენტში სამუშაო ადგილზე 252 მაღაროელი იმყოფებოდა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

თოყაევმა კოსტენკოს მაღაროში ცეცხლის გაჩენამდე რამდენიმე საათის წინ მაღაროს მფლობელ კომპანიასთან "საინვესტიციო თანამშრომლობის" შეჩერების განკარგულება გასცა. გადაწყვეტილების მიზანი მაღაროს ნაციონალიზაცია იყო.

მთავრობის თქმით, ქვეყნის უდიდეს ფოლადის მწარმოებელ კომპანიასთან გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული საბოლოო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

მაღაროში გაჩენილი ხანძარი ყაზახეთში ArcelorMittal-ის მიერ ოპერირებად ადგილებზე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მომხდარი მეორე უბედური შემთხვევაა. აგვისტოში ყარაგანდას მაღაროში ხანძრის შედეგად ოთხი მაღაროელი დაიღუპა.

ArcelorMittal Temirtau ყაზახეთში ქვანახშირისა და მადნის 15 მაღაროს ფლობს.

კომენტარები