ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

მაჰაჩყალის აეროპორტში მომხდარი ანტისემიტური რეიდის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

კადრი რეიდის ამსახველი ერთ-ერთი ვიდეოდან

29 ოქტომბერს რუსეთში, დაღესტანში, მაჰაჩყალის აეროპორტში ბრბოს მიერ მოწყობილი ანტისემიტური რეიდის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. არიან დაჭრილებიც. 2 პირის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 

ამის შესახებ ინფორმაცია დაღესტნის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. მათივე ცნობით, ჰოსპიტალიზებულია 10 პირი, დანარჩენებს კი მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. ტელეგრამ-არხი Mash-ის ცნობით, დაშავებულთა შორის არის, სულ მცირე, ერთი პოლიციელი, ხოლო ტელეგრამ-არხი BAZA წერს, რომ დაშავებულია ექვსი სამართალდამცველი. როგორც შემდეგში ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა, დაშავდა 9 პოლიციელი.

ამას გარდა, BAZA წერს, რომ რეიდის მოწყობის გამო აეროპორტში 59 პირი დააკავეს. მათივე ინფორმაციით, არეულობაში 1 500-მდე ადამიანი მონაწილეობდა. როგორც BAZA წერს, აეროპორტის ტერიტორიის დასაცავად რამდენიმე ათეული პოლიციელი დარჩა. BAZA-ს ცნობების შემდეგ დაღესტნის ოფიციალურმა უწყებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დაკავებულია 60 პირი.

29 ოქტომბერს მაჰაჩყალის აეროპორტში თელ-ავივიდან ჩამოსულ რეისს ასობით ადამიანისგან შემდგარი ანტისემიტურად განწყობილი ბრბო დახვდა. დემონსტრანტები აეროპორტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და ებრაელებს ეძებდნენ. როგორც მომსწრეები ამბობენ, ისინი ყველა შენობაში შედიოდნენ. მათ ასაფრენ ბილიკზე შეღწევაც შეძლეს და თელ-ავივიდან ჩამოფრენილ თვითმფრინავში შეღწევას ცდილობდნენ. როსავიაციაში გამოაცხადეს, რომ აეროპორტი სიტუაციის ნორმალიზაციამდე დაიხურებოდა. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანდა, როგორ სთავაზობდნენ აეროპორტის თანამშრომლები ბრბოს, რომ თვითმფრინავში შეიყვანდნენ და დაარწმუნებდნენ, რომ ბორტზე ებრაელები არ იმყოფებოდნენ. ისრაელიდან მგზავრების ჩასვლის წინააღმდეგ აქციის გამართვის მოწოდებები 29 ოქტომბრის დილიდან დაიწყო. 

კომენტარები