რიკოთი

რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო / Facebook

რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, რიკოთის საავტომობილო გზის ახალი 27 კილომეტრიანი ოთხზოლიანი მონაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევიდან იწყება და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან მთავრდება. ამასთან, ხევი-შორაპნის მონაკვეთი მოიცავს 65 ხიდს და 38 გვირაბს.

ამავე ინფორმაციით, რიკოთის საერთაშორისო გზატკეცილის პროექტის ფარგლებში სულ 51 გვირაბი და 97 ხიდი შენდება, ხოლო ამ დროისთვის გაყვანილია 48 გვირაბი და აშენებულია 83 ხიდი.

"აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E60) განვითარება ხელს უწყობს საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას. გაიზრდება ჩქაროსნული საგზაო და სატრანზიტო ტვირთბრუნვის გამტარუნარიანობა, გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების ხარისხი და შემცირდება მგზავრობის დრო". - ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.

ამავე ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა, ხოლო პროექტის დასრულება 2024 წელს იგეგმება.

კომენტარები