რიკოთი

რიკოთის მაგისტრალთან სარისკო ფერდის გამაგრებისთვის 64 მლნ-იანი ტენდერი გამოცხადდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

13 ნოემბერს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრის მიმდებარედ პოტენციური მეწყრული ფერდის სტაბილიზაციის ღონისძიებების ჩატარების მიზნით აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 64 მილიონი ლარია. ამასთან, შესყიდვასთან დაკავშირებული პრეტენდენტების მხრიდან წინადადებების წარდგენის ვადა მიმდინარე წლის 13-დან 18 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა. 

რაც შეეხება სამუშაოს შესრულების ვადას, შესყიდვის შესახებ დეტალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან 6 თვეში.

"პრეტენდენტს, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდსა და გამოცდილების არეალში, ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა ან არაუმეტეს 3 (სამი) შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 60%-ისა". - ნათქვამია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით პირობებში.


გზების დეპარტამენტის ცნობით, გასული წლის ივნისში თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) ფერდის დამუშავებისას, მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საავტომობილო გზა დროებით ჩაიკეტა. ამის შემდეგ კი, მიმდინარე წლის 30 მარტს გზიდან 200 მეტრში მეწყრული პროცესების განვითარების გამო რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა კიდევ შეიზღუდა. 

მოგვიანებით, 9 აპრილს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) არსებულ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესის კვლევის წინასწარი შედეგების ანალიზის საფუძველზე, რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმის პირობებში აღდგა

სპეციალური რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით კი 12 ოქტომბერს გზების დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომ მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი გაუქმდა. ამასთან, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი დარჩა ძალაში, თუმცა გაიზარდა 4 საათით. სპეციალური რეჟიმის გაუქმების მიზეზად უწყება რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობის საგრძნობლად შემცირებას ასახელებდა. ამავე განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე 24-საათიანი მონიტორინგი კვლავ გრძელდებოდა. 

კომენტარები