რიკოთი

რიკოთის მაგისტრალს ანალოგი არ აქვს, მისი მშენებლობა 2024 წელს დასრულდება - ქარსელაძე

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლის ქარსელაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულების თარიღად 2024 წელი დაასახელა. მისივე თქმით, რიკოთის მაგისტრალის ანალოგი საქართველოში არ არსებობს. 

"მთლიანობაში რომ ავიღოთ, ნამდვილად მიმდინარე მშენებლობები და საკუთრივ რიკოთი, ეს არის მშენებლობა საგზაო სფეროში, რომლის ანალოგი ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია, რაც თავის მხრივ, გამოწვევაა, თუმცა ამ გამოწვევის წარმატებული დაძლევის შედეგი ვიხილეთ ჩვენ." - თქვა ქარსელაძემ

ირაკლი ქარსელაძემ 149-ე კილომეტრზე აღმოჩენილ ნაპრალებზეც ისაუბრა. მისი თქმით, შეზღუდვა, რომელიც ვრცელდებოდა ავტომანქანების გადაადგილებაზე, დროთა განმავლობაში მოიხსნება მიმდინარე სამუშაოების პარალელურად.

"149-ე კილომეტრზე აღმოჩენილი იქნა არსებული გზიდან 200 მეტრში ნაპრალები, რომელთა დაკვირვების შედეგად, შეფასდა როგორც მომეტებულ საფრთხედ, პოტენციური მეწყერის კერა. შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება იმავე ღამეს, რომ დაკეტილიყო რიკოთი. [...] მყისიერად დავიწყეთ გზის გაფართოება, რომელიც გაფართოვდა და ამის ხარჯზე დამაგროვებელი ბუფერი, რომელიც არსებობდა, სამჯერ გაიზარდა, აღიმართა კედელი და დაწესდა შესაბამისი სპეციალური რეჟიმი". - აღნიშნა მინისტრმა. 

ქარსელაძის თქმით, მაგისტრალი 4 მონაკვეთად არის დაყოფილი, რომელზეც 51 გვირაბი და 97 ხიდი აშენდება. ახლანდელი მდგომარეობით, 51 გვირაბიდან 48 არის გაჭრილი და 97 ხიდიდან 83 ხიდია აშენებული. 4 მონაკვეთიდან გაიხსნა 27-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც 38 გვირაბისა და 65 ხიდისგან შედგება. 

"მშენებლობის შედეგად მოხერხდა იმ ძირითადი სარგებელის მიღება, რასაც 8 კილომეტრით მანძილის დამოკლება და შესაბამისად, 45 წუთის ნაცვლად, იდეალურ პირობებში 20 წუთში არის შესაძლებელი აღნიშნულის გავლა. და რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველა ჩვენს სხვა პროექტში, რიკოთის მონაკვეთზეც სრულად არის დაცული და წარმოდგენილი საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სტანდარტი". - თქვა ქარსელაძემ. 

კომენტარები