სექსუალური ძალადობა

მაღალი მოდის ბრენდ Abercrombie & Fitch-ს სექს-ტრეფიკინგის დაფინანსებაში ედება ბრალი

მაიკ ჯეფრისი
AP/Getty

BBC-ს ინფორმაციით, მაღალი მოდის ბრენდ Abercrombie & Fitch-ს სექს-ტრეფიკინგის დაფინანსების ბრალდებით უჩივიან. კომპანიის ყოფილ აღმასრულებელ ხელმძღვანელს (CEO), მაიკ ჯეფრისსა და მის რომანტიკულ პარტნიორს, მეთიუ სმითს კი გარყვნილ ქმედებებში, გაუპატიურებასა და სექს-ტრეფიკინგში სდებენ ბრალს.

ჯეფრისსა და მის პარტნიორს ადანაშაულებენ ახალგაზრდა მოდელების სექსუალურ ექსპლუატაციაში. ბრალდების მიხედვით, ის საკუთარ ავტორიტეტსა და კომპანიის ოფიციალურ ფასადს იყენებდა მოდელების მოსატყუებლად და შემდეგ თავის პარტნიორთან ერთად მათ აუპატიურებდა. 

თავდაპირველად, მოდელებს შუამავალი "აგენტი" დაუკავშირდებოდა, რომელიც მოდელობის პერსპექტივაზე დაელაპარაკებოდა და, ძირითადად შემთხვევაში, სექსს არ უხსენებდა. შემდეგ შუამავალი მოდელს "გასაუბრებისას" ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აიძულებდა, რომ სექსით დაკავებულიყო მასთან, რათა კომპანიის CEO-სთან შეხვედრა შემდგარიყო. საბოლოოდ, ახალგაზრდა მოდელებს ჯეფრისის სახლში მიჰყავდათ, სადაც მათ ზეწოლის ქვეშ ნარკოტიკებს აღებინებდნენ და შემდგომ ჯეფრისი და სმითი აუპატიურებდა.

ბრალდების მიხედვით, Abercrombie & Fitch ყოფილ CEO-ს 1992-2014 წლებში "უსაზღვრო წვდომას" აძლევდა კორპორატიულ რესურსებზე, რათა მას თავისი კრიმინალური გეგმები განეხორციელებინა. საჩივარში წერია, რომ კომპანია ჯეფრისს აწვდიდა თვითმფრინავს, გადაადგილების საშუალებებს და უსაზღვრო რაოდენობის ფულს, რაც მას ახალი მსხვერპლების მოძიებას გაცილებით უმარტივებდა. 

ბრალდების მხარის თქმით, კომპანიას ერჩივნა, არ გაემჟღავნებინა ჯეფრისის კრიმინალური ქმედებები, რადგან მისი მარკეტინგული სტრატეგია კომპანიისთვის ძალიან მომგებიანი იყო. მისი სტრატეგია პროდუქტის რეკლამებში ახალგაზრდა უმაისურო კაცი მოდელების განთავსებაში მდგომარეობდა. 

მომჩივნები ჯეფრისისა და სმითის რამდენიმე მსხვერპლნი არიან, თუმცა საჩივარი ჯგუფურია, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლოზე მთლიანობაში მათ მსხვერპლებს წარმოადგენენ. 

კომენტარები