აშშ

უკრაინისა და ისრაელის დახმარება ორად უნდა გაიყოს – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი
Bill Clark / CQ Roll Call via AP file

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ახლადარჩეული სპიკერის, მაიკ ჯონსონის თქმით, უკრაინისა და ისრაელის დახმარების პაკეტები ცალ-ცალკე უნდა განიხილონ და გაწერონ.

26 ოქტომბერს ჯონსონი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა და უთხრა, რომ პალატაში რესპუბლიკელთა წარმომადგენლები ისრაელისა და უკრაინის საკითხების განცალკევებით განხილვის შესახებ თანხმდებიან.

შესაბამისად, სავარაუდოდ, სპიკერი ბაიდენის შეთავაზებულ $106 მილიარდის ოდენობის ისრაელისა და უკრაინის საერთო დახმარების პაკეტს მხარს არ დაუჭერს.

"პალატის წარმომადგენელ რესპუბლიკელებს შორის კონსენსუსია, რომ ეს ორი საკითხი ორად უნდა გავყოთ". – თქვა ჯონსონმა. 

მანამდე, 25 ოქტომბერს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში სპიკერად მაიკ ჯონსონის არჩევის შემდეგ, კონგრესმენებმა პირველი გადაწყვეტილებით ისრაელის მხარდასაჭერი რეზოლუცია მიიღეს


აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებმა 25 ოქტომბერს რიგით 56-ე სპიკერად ლუიზიანელი კონგრესმენი მაიკ ჯონსონი აირჩიეს. მისი სპიკერობაზე დანიშვნა პირველივე კენჭისყრაზე შედგა.

მაიკ ჯონსონის კანდიდატურას 220-მა კონგრესმენმა (კენჭისყრაზე დამსწრე ყველა რესპუბლიკელმა) დაუჭირა მხარი, მოწინააღმდეგე კი 209 იყო. კენჭისყრას 4 კონგრესმენი არ დაესწრო.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა სპიკერის გარეშე 23 დღის განმავლობაში იყო, მას შემდეგ, რაც 2 ოქტომბერს 8 რესპუბლიკელმა, დემოკრატების სრული მხარდაჭერით, სპიკერი კევინ მაკკარტი თანამდებობიდან გადააყენა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატას ამ ეტაპზე რიგ პრობლემებთან მოუწევს გამკლავება, მათ შორისაა: უკრაინისა და ისრაელის დახმარების საკითხი, და ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერების საფრთხე.

კომენტარები