მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: რუსებს, ვისაც საქართველოში ბინები აქვთ, 1 წლის განმავლობაში უნდა გავაყიდინოთ

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსებს, ვისაც საქართველოში ბინები აქვთ ნაყიდი, ამ უძრავი ქონების გასაყიდად 1-წლიანი ვადა უნდა მიეცეთ. სააკაშვილი ამბობს, რომ ეს ბინები შეღავათიან ფასად იმ ქართველებს უნდა გადაეცეთ, ვინც უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნდება. 

"მინდა, იმ რუსებზე ვთქვა, რომლებიც საქართველოში შემოსულები არიან. ეს დიდი უბედურება და საქართველოსთვის მომატებული საფრთხის წყაროა [...] პირადი საკუთრება ხელშეუხებელი უნდა იყოს და მის გაძლიერებულ დაცვას ვაპირებთ, მაგრამ რაც რუსებს შეეხება - მათ 1-წლიანი ვადა უნდა მიეცეთ, რომ თავისი ბინები გაყიდონ. სახელმწიფო პროგრამა უნდა იყოს და უცხოეთში მყოფ ქართველებს, სახელმწიფოს დახმარებით, ეს ბინები შეღავათიან ფასად უნდა აყიდინონ. ქართველების დაბრუნების პროგრამა უნდა შევქმნათ, მათ შორის, იმ კერძო საკუთრებისა და ნაყიდი ბინების ხარჯზე, რაც დღეს რუსებს საქართველოში გააჩნიათ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსებს, ვისაც საქართველოში ბინები აქვთ, 1 წლის განმავლობაში უნდა გავაყიდინოთ, ქართველების საქართველოში დაბრუნების პროგრამა უნდა იყოს და მათ შორის, ამ ბინების მათთვის გადაცემის, ვინც ამ შეღავათიანი პროგრამით დაბრუნდება. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 100 000 რუსს, რომელიც საქართველოში ზედმეტია, ყველანაირად უნდა მოვუწოდოთ, ეკონომიკური და ადმინისტრაციული ბერკეტები უნდა შევუქმნათ, რომ წავიდნენ და ისინი ჩანაცვლდეს 100 000 შრომისუნარიანი, ნიჭიერი ქართველით, რომელიც პირველ ეტაპზე უკან ჩამოვა. შემდეგ კიდევ რამდენიმე ასეული ათასი დაბრუნდება. ჩვენი პროგრამა არის ქართველების უკან დაბრუნების პროგრამა". - თქვა სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე.

დღეს, 27 ოქტომბერს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, საკუთარ პროცესზე კლინიკა ვივამედიდან დისტანციურად ჩაერთო.

კომენტარები