რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რასაც ორბანი უკეთებს პუტინს, შუა თითია უკრაინელი ჯარისკაცებისთვის – ლუქსემბურგის პრემიერი

ლუქსემბურგის პრემიერმინისტრი, ხავიერ ბეტელი
AP Photo/Geert Vanden Wijngaert, File

ლუქსემბურგის პრემიერმინისტრმა, ქსავიერ ბეტელმა უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის გამო მკაცრად გააკრიტიკა.

"რაც მან გააკეთა პუტინის მიმართ, შუა თითს აჩვენებს ყველა ჯარისკაცს, რომლებიც უკრაინაში ყოველდღე კვდებიან და რუსული თავდასხმის მსხვერპლები არიან". – თქვა ბეტელმა.

მისივე თქმით, ვიკტორ ორბანი ევროკავშირს უკრაინის მხარდაჭერის სანაცვლოდ ფინანსური მოთხოვნების წამოყენებით არ უნდა აშანტაჟებდეს. 

"[ორბანმა თქვა,] თუ გინდათ ფული უკრაინისთვის, მაშინ ფული ჩვენც გვჭირდებაო. ამ გარემოებაში ბატონი ორბანის შანტაჟის მძევლებად არ უნდა დავრჩეთ. დარწმუნებული ვარ სწორი გადაჭრის გზები უნდა ვნახოთ. არ უნდა დავივიწყოთ წარსული და არც ორბანმა უნდა დაივიწყოს". – თქვა ბეტელმა.

ამასთან, ლუქსემბურგის პრემიერმა კომენტარი გააკეთა სლოვაკეთის ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, რომ უკრაინას დახმარება შეუჩერონ. მისი თქმით, ლუქსემბურგი სლოვაკეთის ახალი პრემიერის, რობერტ ფიცოსა და ვიქტორ ორბანის ალიანსს არასდროს შეუერთდება და უკრაინის სამხედრო დახმარებას ყოველთვის მხარს დაუჭერს.

"ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ საერთაშორისო თანადგომა აუცილებელია. უკრაინა ჩვენი ღირებულებებისთვის იბრძვის... არ უნდა დაგვავიწყდეს, ვინ იქნება შემდეგი, თუკი ამჯერად თვალებს დავხუჭავთ". – თქვა ბეტელმა.

ამასთან, ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ ევროპული სტრატეგია უკრაინაში ჩაფლავდა და უნდა ორიენტირდნენ "გეგმა B-ზე", რადგან უკრაინა ომს ვერ მოიგებს.

"დღეს ყველამ იცის, მაგრამ ვერ ბედავენ ხმამაღლა თქმას, რომ ეს სტრატეგია ჩაფლავდა. ნათელია, რომ ეს არ იმუშავებს... უკრაინელები ვერ მოიგებენ". – თქვა ორბანმა.

მანვე თქვა, რომ ვერ ხედავს მიზეზს, უნგრეთმა უკრაინის დასახმარებლად საკუთარი გადასახადის გადამხდელების ფული რატომ უნდა დახარჯოს. 

კომენტარები