სომხეთი-აზერბაიჯანი

ალიევის მრჩეველი: ზანგეზურმა ჩვენთვის დაკარგა მიმზიდველობა, დერეფანს ირანთან გავაკეთებთ

BRI

აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთზე შესაძლო თავდასხმისა და ზანგეზურის დერეფანზე კონტროლის დამყარების შესახებ სპეკულაციების ფონზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკაში, ჰიქმეთ ჰაჯიევმა, Politico-სთან საუბრისას თქვა, რომ არანაირი ინტერესი არ აქვთ ზანგეზურის მიმართ.

ამასთან, როგორც ჰაჯიევმა აღნიშნა, ზანგეზურის დერეფნით აზერბაიჯანის ძირითადი ნაწილისა და მისი ექსკლავის, ნახიჩევანის დაკავშირებაზე სომხეთთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მანვე დაამატა, რომ ამ პროექტმა "მიმზიდველობა დაკარგა", ხოლო დერეფნის გაკეთება "ირანის დახმარებითაც შეუძლიათ".

"ჩვენი დღის წესრიგი მხოლოდ სატრანსპორტო კავშირების აშენებასა და ორმხრივი ჩართულობის ფარგლებში დაკავშირებულობის გაზრდას წარმოადგენდა. თუ ასე უნდათ, კარგი, თუ არა, არა უშავს. ეს გეგმა ისევ განიხილება მაგრამ სომხეთმა უნდა გვანახოს, რომ მართლა დაინტერესებულები არიან ამით". – თქვა ჰაჯიევმა. 

როგორც გამოცემა წერს, ოქტომბრის დასაწყისში თეირანთან შეთანხმების ფარგლებში აზერბაიჯანმა ირანთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის აშენებას ჩაუყარა საფუძველი. 

მათივე ცნობით, ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ასევე სომხეთის საგარეო მინისტრის სპიკერმა, ანი ბადალიანმა.

"სომხეთის პოზიცია ყოველთვის ნათელი იყო რეგიონული კომუნიკაციის გახსნის შესახებ. ეს უნდა ეყრდნობოდეს სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და იურისდიქციას და თანასწორობისა და თანაზიარობის პრინციპს". – თქვა ბადალიანმა.

მანამდე, Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შიშობდა, რომ აზერბაიჯანი სამხრეთ სომხეთში უახლოეს კვირებში შეიჭრებოდა. როგორ გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ამერიკელ კონგრესმენებთან ისაუბრა

 

სომხეთის წარმომადგენელმა ევროკავშირში, ტიგრან ბალაიანმა ბელგიურ გამოცემა Brussels Signal-თან ინტერვიუში თქვა, რომ სომხეთში უახლოეს კვირებში აზერბაიჯანისგან თავდასხმას ელოდება. მისი თქმით, აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის საბოლოო კაპიტულაციისთვის სომხეთზე თავდასხმის შოკისმომგვრელ ეფექტს გამოიყენებს. ბალაიანის მტკიცებით, პოტენციური თავდასხმა ზანგეზურის დერეფანზე და მის სიახლოვეს ტერიტორიებზე კონტროლის მოსაპოვებლად დაიწყება. ზანგეზურის დერეფნით აზერბაიჯანი მის ექსკლავს, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას უკავშირდება. 


რამდენიმეთვიანი კრიზისის შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხედრო მოქმედებები ყარაბაღის ტერიტორიაზე 19 სექტემბერს დაიწყო. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამბობდა, რომ მოქმედებებს იქამდე არ შეწყვეტდა, სანამ სეპარატისტები იარაღს არ დაყრიდნენ.

20 სექტემბერს სეპარატისტული სტეფანაკერტი დათანხმდა აზერბაიჯანის მოთხოვნებს და ცეცხლი შეწყდა.

28 სექტემბერს ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც 2024 წლის 1 იანვრიდან ე.წ. რესპუბლიკა არსებობას შეწყვეტს.

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე ფაქტობრივად სრული კონტროლი დაამყარა, ადგილობრივმა მოსახლეობამ რეგიონის დატოვება დაიწყო. ყარაბაღიდან სომხეთში ათიათასობით ლტოლვილი ჩავიდა.

კომენტარები