სომხეთი-აზერბაიჯანი

Reuters: სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვარზე ტყვეები გაცვალეს

REUTERS/Aziz Karimov/File Photo

Reuters-ი მოწმეზე დაყრდნობით წერს, რომ დღეს, 13 დეკემბერს სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვარზე სამხედრო ტყვეები გაცვალეს.

სააგენტოს ინფორმაციით, აზერბაიჯანმა, სავარაუდოდ, სომხეთს 2020 წლის ბოლოს ტყვედ ჩავარდნილი 32 სამხედრო დაუბრუნა, სომხეთმა კი 2023 წლის აპრილიდან დატყვევებული 2 აზერბაიჯანელი სამხედრო გაათავისუფლა.

განახლება: ტყვეების გაცვლა დაადასტურა სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.

"2020-2023 წლებში სომხეთის შეიარაღებული ძალების ტყვედ ჩავარდნილმა 31 მოსამსახურემ და სექტემბერში მთიან ყარაბაღში დატყვევებულმა ერთმა სამხედრომ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარი გადაკვეთა და სომხეთის ტერიტორიაზე იმყოფება". - დაწერა ფაშინიანმა Facebook-ზე.

გარდა ამისა, დღესვე რუსულმა სამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხარეები საერთო საზღვრიდან ჯარების გაყვანას განიხილავენ, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

7 დეკემბერს სომხეთმა და აზერბაიჯანმა საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც, ისინი ტყვეების გაცვლასა და ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ. განცხადების მიხედვით, ქვეყნები იზიარებენ აზრს, რომ რეგიონში მშვიდობის დამყარების ისტორიული შესაძლებლობა მიეცათ.

19 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ერთდღიანი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ სეპარატისტებმა კაპიტულაცია გამოაცხადეს. სომხეთი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა. 28 სექტემბერს თვითგამოცხადებული არცახის, იგივე მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც 2024 წლის 1-ელი იანვრიდან სეპარატისტული რეჟიმი არსებობას შეწყვეტს. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე ფაქტობრივად სრული კონტროლი დაამყარა, ადგილობრივმა მოსახლეობამ რეგიონის დატოვება დაიწყო. ყარაბაღიდან სომხეთში ათიათასობით ლტოლვილი ჩავიდა.

21 ნოემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც სომხეთთან რეგიონალური მშვიდობის საკითხებზე შეხვედრის სურვილი გამოთქვა. 30 ნოემბერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის შესახებ შეხვედრა გაიმართა.

4 დეკემბერს, 14:35 საათზე აზერბაიჯანმა სომხეთის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად სასიკვდილოდ დაიჭრა სომხეთის სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

კომენტარები