გიგა ბოკერია

პოპულიზმით დასჯილნი ივანიშვილის პროპაგანდის სამსახურში – გიგა ბოკერიას თვალსაზრისი

გიგა ბოკერია

პოპულიზმით დასჯილნი ივანიშვილის პროპაგანდის სამსახურში – გიგა ბოკერიას თვალსაზრისი

ჩვენი, როგორც საზოგადოების, მთავარი ამოცანაა, რეალურად ევროპული, დასავლური ქვეყანა გავხდეთ და ამასთან, გეოპოლიტიკურად ახალი წესრიგის ჩამოყალიბების დროს, თავისუფალი სამყაროს მხარეს აღმოვჩნდეთ და უსაფრთხოების მაქსიმალური გარანტიები მივიღოთ, გავხდეთ ნატოს წევრი, შეერთებულ შტატების მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირე და რეალურად დავუახლოვდეთ ევროკავშირს. 

ამის მისაღწევად, ქვეყანას უნდა ჰყავდეს მთავრობა, რომელსაც ეს ამოცანა აქვს და აქვს ამ ამოცანის შესრულების უნარიც. ცხადია, სურვილი პირველადია და ზოგჯერ, ესეც შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი, თუ გეოპოლიტიკური ვითარება ხელს არ შეგვიწყობს, მაგრამ ამ ამოცანის, ამ სურვილის ქონა, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე წინ არდაყენება, ქვეყნის მტრებთან არ შეკვრა ამისთვის მინიმალური აუცილებელი პირობაა.

დღეს, ასეთი ხელისუფლება სამწუხაროდ, არ გვყავს. მე ასე ვხედავ ვითარებას, ასე ხედავს ვითარებას ევროპული საქართველო.

თითქოს, იგივე შეხედულება აქვთ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, ოპოზიციურ მედიას და აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას, მაგრამ, რატომღაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე დისკუსიისას ამ სურათს "ივიწყებენ".

კანდიდატის სტატუსი, რასაკვირველია, უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია უკვე ნახსენები ამოცანების მისაღწევად, თუმცა თუ თავად სიტყვა "კანდიდატის" მნიშვნელობას მაინც დავაკვირდებით, გასაგები უნდა იყოს, რომ ამოცანა ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციაა თავისუფალ სამყაროში მისი სრული ინტეგრაციის მიზნით.

და ვიმეორებ, კანდიდატობა ამ ამოცანის მისაღწევი ინსტრუმენტია.

იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებას ეს ამოცანა, შესაბამისად, ამ ამოცანისთვის ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენების ნება არ გააჩნია, როგორ შეიძლება სტატუსმა ჩვენ ამ მძიმე მდგომარეობიდან გვიხსნას ან ამ პროცესში თუნდაც დაგვეხმაროს.

ამ არგუმენტის საპირისპიროდ, ევროპული საქართველოს ოპონენტებისგან ოპოზიციურ პარტიებსა და მედიაში ვისმენთ ძირითადად უსინდისო ცილისწამებას: "მთავარ ეროვნულ ამოცანაზე წინ ამ ხელისუფლების გადარჩევას აყენებთ" ან კიდევ უფრო ბინძური ფორმით: "თქვენ ხელისუფლებაში მოსვლის შანსსა და საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს ქვეყანაზე წინ აყენებთ".

ცალკე საკითხავია, რატომ არ წარმოადგენს, პუტინისტური ავტორიტარული რეჟიმის გადარჩევა ამ ადამიანებისთვის დღეს ერთერთ მთავარ ეროვნულ ინეტერესს და თუკი წარმოადგენს მაშინ, მათგან დამაჯერებელ არგუმენტებს უნდა ვისმენდეთ, თუ როგორ წაიყვანს ასეთი მთავრობის პირობებში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ქვეყანას არსებითად წინ

რაც მოვისმინე, უსინდისო ცილისწამების გარდა, არის შემდეგი:

1. "სტატუსი ამ მთავრობის პირობებშიც კი, დაგვიცავს საგარეო საფრთხეებისგან" - ამ აბსურდის თეატრში, ეს სისულელე მაინც გამორჩეულ ადგილს იკავებს.

თუ პროდასავლური და ეფექტური მთავრობა არ გყავს, ნატოს წევრობაც კი შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს ქვეყნის დასაცავად, თუმცა ნატოს შემთხვევაში კონკრეტული მძლავრი ინსტრუმენტი ჩნდება, მე-5 მუხლის სახით და ამიტომ, ნებისმიერმა ნორმალურმა მოქალაქემ უნდა ჩათვალოს, რომ ნატოს წევრობა ამ მთავრობის პირობებშიც კი საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ბოლობოლო მათივე არგუმენტი რომ გავიმეორო, მთავრობას გადავირჩევთ და ნატოს წევრებად დავრჩებით.

მაგრამ ევროკავშირის კანდიდატობას არანაირი ავტომატური უსაფრთხოების გარანტია არ მოსდევს. ის ვერანაირად ვერ დაგვიცავს გარე მტრის აგრესიისგან ან შიდა საფრთხეებისგან.

2. "თუ ევროკავშირი სტატუსს ახლა არ მოგვცემს, ქართული საზოგადოება დასავლეთზე გულს აიცრუებს და პრორუსული განწყობები კიდევ უფრო გაძლიერდება" - ამ საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელ მოსაზრებას სინამდვილეში პუტინისტური რეჟიმი იყენებს და ამას არის აყოლილი მისი არაერთი უპასუხისმგებლო ოპონენტიც.

ჩვენი გზავნილი ამის სრულიად საპირისპირო უნდა იყოს, რომ ქართული საზოგადოება თავის ისტორიულ ამოცანაზე არცერთ შემთხვევაში უარს არ იტყვის.

მათ, ვისაც ასეთი დაბალი წარმოდგენა აქვს მოქალაქეებზე, მინდა ვუთხრა, რომ თუ მათი ხედვა მართალია, კანდიდატის სტატუსი მით უმეტეს ვერ გვიხსნის. სტატუსის მიღებას მოყვება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი გაწევრიანებამდე და ამ რეჟიმის დარჩენის პირობებში, ეს პერიოდი უსასრულოდ გაიწელება. 

ანუ ქართული საზოგადოება მაინც აიღებს ხელს თავისი თავისუფლების და სახელმწიფოებრიობის დაცვაზე და ჩვენ ეს უბრალოდ ცოტა ხნით გვსურს გადავავადოთ?

ეს ხომ შეურაცხმყოფელი აბსურდია.

3. "თუ სტატუსს ახლავე არ მოგვცემენ, გეოპოლიტიკური შესაძლებლობის ფანჯარა შეიძლება დაიხუროს და სტატუსი ვეღარ მივიღოთ. თუ სტატუსი მივიღეთ, ამ მთავრობას მერეც შევცვლით" - თუ ევროპის ქვეყნებში არჩევნების შემდეგ ან სხვა ფაქტორების შედეგად ევროკავშირის ან ევროპული სივრცის გაფართოების პროცესი შეჩერდა, მაშინ მიღებული კანდიდატის სტატუსი წევრობის მისაღწევად ვერაფერს შეცვლის.

ქვეყნის კანდიდატობა ავტომატურად არ ავალდებულებს ევროკავშირს რაიმე შემდგომ ნაბიჯებს. ამის არა იდენტური, მაგრამ რელევანტური მაგალითი თურქეთია, რომელსაც სტატუსი ათწლეულებია აქვს. შესაბამისად, კანდიდატებად დავრჩებით და წინ ვერ წავალთ, სანამ ახალი შესაძლებლობების ფანჯარა არ გაიხსნება.

4. "თუ სტატუსი მოგვცეს, ამას ამ ხელისუფლების პირობებშიც კი ავტორიტარიზმის საწინააღმდეგო, შემაკავებელი ეფექტი ექნება და თუ არ მოგვცეს, ეს გააღრმავებს ქვეყანაში ანტიდემოკრატიულ ტენდენციებს" - თუ რამე გამოდგება კოგნიტური დისონანსის დეფინიციად, სწორედ ამ არგუმენტის ავტორების ლოგიკაა.

იგივე ხალხი, ვინც ამბობს, რომ ეს რეჟიმი პუტინისტურია და სტატუსის მოპოვების მიზანმიმართულ საბოტაჟს ეწევა, რომ რეჟიმი სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების საწინააღმდეგო გზით მიდის მაშინ, როდესაც სტატუსის საკითხი ბეწვზე ჰკიდია, სტატუსის მიღების შემდეგ რითიღა იქნება შეკავებული, როდესაც მიღების პროცესში ყველაფერი ევროკავშირის რეკომენდაციების და კრიტერიუმების საწინააღმდეგოდ გააკეთა.

აქვე მინდა დავამატო, რომ ჯერჯერობით იმის საფრთხე, რომ შემდეგი 1-2 წლის განმავლობაში კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხთან მიმართებით ვითარება ფუნდამენტურად შეიცვლება, არ ჩანს. თუმცა, რომც ვცდებოდე, ეს არ ცვლის ზემოთ მოყვანილ არგუმენტს.

როგორ იქცევა ამ ვითარებაში ხელისუფლება:

მისი პროპაგანდისტული ნიაღვარის ამოცანა მკაფიოა: უარის შემთხვევაში საკუთარი პასუხისმგებლობის გამორიცხვა და ამის დასავლეთის შემდგომი დემონიზაციისთვის გამოყენება (დასავლეთი სანაცვლოდ ომის დაწყებას, ეროვნული იდენტობის დაკარგვას გვთოხვდა, ამაზე ვთქვით უარი და ამიტომ დაგვსაჯეს და იმავე დროს, ჩვენ კი გვინდოდა სტატუსი, მაგრამ ოპოზიციამ შეგვიშალა ხელი), ხოლო მეორე შემთხვევაში "წარმატებაზე" კაპიტალიზება (ჩვენი ბრძნული პოლიტიკის შედეგად "ომი თავიდან ავიცილეთ" და ევროპულ გზაზეც ვრჩებით).

მათ იმხელა პროპაგანდის ნიაღვარი აქვთ, რომ შეუძლიათ ურთიერთგამომრიცხავი არგუმენტები ზოგჯერ ერთ წინადადებაშიც კი მოიყვანონ.

როგორ უნდა დავპირისპირებოდით პროდასავლური ბანაკი ამ ნიაღვარს და რა უნდა ვთქვათ ახლა მაინც, დაგვიანებით:

ჩვენს ქვეყანას უშველის რეალურად პროდასავლური ხელისუფლება, რომელიც შიდა დემოკრატიული გარდაქმნებით, შიდა რეფორმებით და ეფექტური საგარეო აქტივობით რეალურად დაგვაბრუნებს დასავლური ცივილიზაციის წიაღში, რომლის შედეგადაც დაცული და თავისუფალი ქვეყანა ვიქნებით.

ამ ამოცანას შეგვიძლია მივაღწიოთ, თუ ასეთ ძალას ივანიშვილის რეჟიმის ნაცვლად ხელისუფლებაში მოვიყვანთ.

ხოლო მანამდე ცრუ დილემების ტყვეობაში, მოგვცემენ თუ არა სტატუსს, არ უნდა ვიყოთ.

აქვე უნდა გვეთქვა და ჩვენ ასე ვიქცევით, რომ ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე მთავრობა წარმოადგენს, პოლიტიკურ ოპოზიციას ამ პროცესში როლი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს, თუკი მთავრობას ფუნდამენტური რეფორმების გატარება უნდა და ამაში ოპოზიციამ პარტნიორობა უნდა გაუწიოს.

ამას გულისხმობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, როდესაც დიპლომატიურ განცხადებებს აკეთებენ, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ერთიანობაა საჭირო, რომ მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა ერთად უნდა იმუშავოს.

იმ პირობებში, როდესაც, როგორც უკვე ვთქვით, ხელისუფლებას რეფორმების ამოცანა არ გააჩნია, მეტიც, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მზად არის ანტიდასავლური კამპანია აწარმოოს და ავტორიტარული ძალაუფლების კონსოლიდაცია განაგრძოს, ოპოზიცია პარტნიორის როლს ვერანაირად ვერ ითამაშებს.

ამ პირობებში, ოპოზიციის პასუხისმგებლობა, საზოგადოებასთან ერთად, ხელისუფლების დემოკრატიულად შეცვლაა.

როგორ მოიქცა ამის ნაცვლად ოპოზიციური პარტიების, მედიის და არასამთავრობო სექტორის უდიდესი ნაწილი, ევროპული საქართველოს გამოკლებით:

ხელისუფლების პროპაგანდის საპასუხოდ მსხვერპლის პოზაში ჩადგნენ და დღემდე ამ პოზაში რჩებიან, გულზე მჯიღს იცემენ, პირველ რიგში, ჩვენ გვინდა რომ სტატუსი მივიღოთ, ამ გადაწყვეტილებით წყდება დღეს ქვეყნის ბედი და ამაზე ვმუშაობთ და ქართული ოცნების საბოტაჟის მიუხედავად, მაინც მივაღწევთ შედეგსო მაშინ, როდესაც ყველა საღად მაოზროვნეს უნდა ესმოდეს, რომ თუ კანდიდატის სტატუსი მოგვცეს, ეს გეოპოლიტიკური მოსაზრებებით იქნება ნაკარნახევი და არა ოპოზიციის "გამარჯვებით" ხელისუფლების საბოტაჟზე.

ასევე დაიწყეს მილიონი ხელმოწერის შეგროვება დევიზით, რომ ქართველი ხალხი, პუტინისტური ხელისუფლების მიუხედავად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

ქართველი ხალხი თავისი ისტორიული გზის და ბრძოლის გამო დასავლურ სამყაროში დაბრუნებას ნამდვილად იმსახურებს, მაგრამ ამ კონკრეტულ მომენტში ჩვენი, პოლიტიკოსების და მთლიანად საზოგადოების პასუხისმგებლობაა, რომ ამ ამოცანის შესასრულებლად პროდასავლური ხელისუფლება მოვიყვანოთ.

საპარლამენტო ოპოზიცია და მისი მოკავშირეები თავისი უპასუხისგმებლო და აბსურდული გზავნილებით ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდას ორივე სცენარის შემთხვევაში ეხმარება.

თუ გეოპოლიტიკური მოსაზრებებით, კანდიდატის სტატუსი მაინც მოგვცეს, ხელისუფლება აუცილებლად იზეიმებს და თავის უკვეხსენებულ გზავნილს გაიმეორებს, რომ ბრძნული პოლიტიკით მშვიდობაც დაიცვა და ევროპულ გზაზეც დარჩა და ამ პროპაგანდას ვერანაირად ვერ გადაფარავს ოპოზიციური ლიდერების უმწეო მცდელობები, რომ კრედიტი მათ დაიწერონ.

სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ევროკავშირი დადებით გადაწყვეტილებას გეოპოლიტიკური არგუმენტებით, საქართველოს ისტორიული არჩევანის გათვალისწინებით და ქვეყნის რეალური უკუსვლის უგულებელყოფით მიიღებს.

ამ შემთხვევაში, საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოების ნაწილს, როგორც მინიმუმ, ნაკლებად საგანგაშო განცდა ექნება იმისა, თუ რამდენად სახიფათოა ივანიშვილის რეჟიმის ხელისუფლებაში დარჩენა და ეს ავტორიტარული რეჟიმის შესაცვლელად ძალიან საზიანო ვითარებაა.

ასეთი რეჟიმების შეცვლას საზოგადოების უდიდესი ნაწილის კონსოლიდაცია და ცვლილებების აუცილებლობის მკაფიო განცდა სჭირდება.

თუ კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ ივანიშვილის რეჟიმის მოღალატეობრივი ნაბიჯების გამო და რეჟიმმა ამის პასუხად ანტიდასავლური პროპაგანდა გააღრმავა, გამოვა, რომ ოპოზიციის ნაწილმა თავისი გზავნილებით მილიონ ხელმოწერაზე და მოწოდებებით ევროკავშირის მიმართ, რომ ქართველ ხალხსისთვის ზურგი არ შეექციათ, ნაწილობრივ მაინც, გაიზიარა ივანიშივლის რეჟიმის პროპაგანდა, რომ ევროკავშირის უარი მართლაც ქართველი ხალხისთვის ზურგის შექცევას ნიშნავს.

ცხადია, სასურველია, რომ რიტორიკა ახლა მაინც შეიცვალოს, თუმცა, სამწუხაროდ, დღევანდელი დღე ამის იმედს არ იძლევა.

დღეს ამ გზააბნეული ოპოზიციის ნაწილი მამხილებლის როლში იყო იმათ წინააღმდეგ, ვინც მანამდე ჩვენ გვამხელდა საბოტაჟში და ეს უკანასკნელნი კვლავ მსხვერპლის როლში არიან, თავს იმართლებენ და მათ "მამხილებლებს" ივანიშვილის რეჟიმის რუპორებად ნათლავენ.

ამაზე იდეალური სურათი რეჟიმის პროპაგანდისთვის რთული წარმოსადგენია.

ევროპული საქართველო მთავარი ამოცანების ერთგული რჩება.

ჩვენი მიზანი პუტინისტური რეჟიმის შეცვლის აუცილებლობის გარშემო საზოგადოებრივი კონსენსუსის გაფართოება, რეჟიმის გადარჩევის შემდეგ ქვეყნის უკუსვლის რადიკალურად შემობრუნებისთვის აუცილებელი რეფორმებისა და ცვლილებების შინაარსზე შეჯერება და საზოაგადოებაში ჩვენი თანამოაზრეების პოვნა და მათი შემოკრებაა, რათა ქვეყანამ პუტინისტების მმართველობას გადააბიჯოს და რეალურად დაადგეს თავის ისტორიულ გზას ცივილიზებული სამყაროს სრულფასოვანი წევრობისკენ.

კომენტარები