გიგა ბოკერია

ბოკერია: არ ვიცი, ეკა კვესიტაძის განცხადება უფრო უტიფარია თუ კომიკური

ბოლო პერიოდში აფხაზეთის საკითხზე მიმდინარე დისკუსიის გარშემო აბსურდული და ჩემთვის მიუღებელი არაერთი მოსაზრება მოვისმინე, რომელსაც მსურდა, გამოვხმაურებოდი.

საბოლოოდ, იმდენად გრძელი გამოვიდა სტატუსი, რომ ვრცელი მოსაზრების სახე მივეცი და იმედი მაქვს, დაინტერესებული ადამიანების ნაწილი მაინც არ დაიზარებს მის წაკითხვას.

აქვე მინდა გამოვეხმაურო რამდენიმე დღის წინ ამავე საკითხზე მთავარი არხის ეთერში გამართულ დისკუსიას და წამყვანის, ქალბატონი ეკა კვესიტაძის გზავნილებს.

რამაც ყველაზე მეტად გამაოგნა და რაზეც ჩემს მოსაზრებაში ვრცლად ვსაუბრობ, არის თოქ-შოუს ავტორისა და მოწვეული სტუმრების ნაწილის ექსკლუზიური ფოკუსი ე.წ ეთნიკურ კონფლიქტზე და არა რუსეთის სამხედრო აგრესიასა და ქართველების გენოციდზე.

წამყვანი ჯიუტად იმეორებდა ფრაზას, რომ "პირველ რიგში, ჩვენი დანაშაულები უნდა გამოვიძიოთ“. ამ საკითხსაც ვრცლად ვეხები ჩემს წერილში.

ამას გარდა, ქალბატონი კვესიტაძის და მთავარი არხის ჟურნალისტურ სტანდარტებთან დაკავშირებითაც მსურს, ჩემი შეფასება გაგიზიაროთ.

უკვე დიდი ხანია, მთავარი არხი დეკლარირებულად და დემონსტრაციულად არ აშუქებს ევროპული საქართველოს აქტივობებს.

ამის შესახებ ღიადაც არაერთხელ შემოგვითვალეს, რომ ჩვენი მწვავე, თუმცა ლეგიტიმური კრიტიკის გამო, ჩვენს პარტიულ პოლიტიკურ აქტივობებს არ გააშუქებენ და მხოლოდ პოლიტიკურ მიმომხილველად მოგვიწვევენ დროგამოშვებით.

საკითხი ეხებოდა მთავარი არხის მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელშიც ჩვენი კამპანიის „ბუჩამდე იყო აფხაზეთის“ სახელი, ინფორმაცია და მასალები გამოიყენეს, თუმცა ევროპული საქართველო პრინციპულად არცერთი სიტყვით არ ახსენეს, რასაც, ბუნებრივია, ჩვენგან მწვავე შეფასება მოჰყვა.

ხოლო, უკვე ამის პასუხად ეს უტიფარი პოზიცია მივიღეთ.

მთავარი არხი ერთადერთი იყო ოპოზიციურ სატელევიზიო არხებს შორის, რომელმაც გასულ კვირას პარლამენტთან გამართული ჩვენი აქცია საერთოდ არ გააშუქა.

რა თქმა უნდა, არც ჩვენც, არც აფხაზთა კრებას, რომელმაც ეს თემა წლების განმავლობაში აცოცხლა, ისევე როგორც სხვა პარტნიორ ორგანიზაციებს, ამ საკითხზე ექსკლუზივის პრეტენზია არ გვაქვს.

მაგრამ როდესაც ყველამ იცის, რომ ეს კამპანია ჩვენი დაწყებულია და ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ყველაზე აქტიურად ვმუშაობდით ამ თემაზე, ყველაზე მეტი, მათ შორის აქამდე არგასაჯაროვებული მასალები მოვიპოვეთ და არაერთი, ჩემი აზრით, შთამბეჭდავი და რაც მთავარია, შედეგის თვალსაზრისით ეფექტური ღონისძიება გავმართეთ, მათ შორის მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მინიმალური სტანდარტითაც კი, ამ კამპანიის ავტორების მოწვევა დისკუსიაში და მათთვის განსაკუთრებული ტრიბუნის მინიჭებაც, ლოგიკური იქნებოდა.

ამასთან დაკავშირებით, ქალბატონმა კვესიტაძემ ბრძანა, რომ პირადად მე გადაცემაში დაპატიჟებული ვიყავი, რაც მართლაც ასე იყო, მაგრამ, რადგან დროში ვიყავი შეზღუდული, თურმე ამის გამო ჩაიარა გადაცემამ ევროპული საქართველოს და კამპანიის სხვა ავტორების გარეშე.

არც კი ვიცი, ეს განცხადება უფრო უტიფარია თუ კომიკური.

ჩემ გარდა, ამ კამპანიაში არაერთი ადამიანია აქტიურად ჩართული ევროპული საქართველოდან, აფხაზთა კრებიდან და თავისუფლების ინსტიტუტიდან. მხოლოდ თამარ ჩერგოლეშვილი არა, რომელსაც დიდი ხანია აკრძალული აქვს მათ ეთერში გამოჩენა სააკაშვილისა და არხის სარედაქციო პოლიტიკის ავტორთა მწვავე კრიტიკის გამო.

ცხადია, ერთადერთი ლოგიკური მიზეზი, რომლის გამოც კამპანიის ავტორები გადაცემაში ვერ აღმოჩნდნენ იყო არხის სამარცხვინო სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც კიდევ ერთხელ იმსახურებს შესაბამის შეფასებას.

ვისაც გაინტერესებთ აფხაზეთზე ჩვენი პოზიცია, რომელიც მთავარი არხის ეთერში ვერ მოხვდა, გაეცანით წერილს.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია მთავარი არხის და მისი წამყვანის, ეკა კვესიტაძის შესახებ.

კომენტარები