კანდიდატის სტატუსი

ხაბეიშვილი: ვიყავით და ვიქნებით სტატუსის მთავარი ლობისტები, ამას EU-ს ელჩიც ადასტურებს

ლევან ხაბეიშვილი
ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თქმით, ბოლო რვა თვეში სამჯერ შეხვდა ევროკავშირის ელჩს და ყოველ ჯერზე "ვიყავით, ვართ და ვიქნებით კანდიდატის სტატუსის მთავარი ლობისტები". ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, ამას პაველ ჰერჩინსკიც ადასტურებს. 

24 ოქტომბერს რესპუბლიკელმა ხათუნა სამნიძემ თქვა, რომ ოპოზიციის ნაწილს სურს, არჩევნებამდე გადავადდეს კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღება. სამნიძემ პალიტრანიუსის ეთერში აღნიშნა, რომ ამის შესახებ უცხოელ პარტნიორებს ზოგიერთი ოპოზიციონერი დახურულ კარს მიღმა ესაუბრება. ამ განცხადების გამო, ლევან ხაბეიშვილი მოუწოდებს "ყველას", მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ. 

"კანდიდატის სტატუსის მთავარი საბოტაჟის მომწყობი არის რუსული ოცნება, კობახიძე, ღარიბაშვილი და მათი ბატონი - ბორენკა. მოვუწოდებ ყველას, პასუხიმგებლობით მოეკიდონ განცხადებებს, შეფასებებს და მხოლოდ იმიტომ, რომ მედიაში გამოჩნდნენ, ამის გამო ივანიშვილისა და რუსული პარტიის პროპაგანდას, სიცრუის მანქანას საკვებს ნუ მისცემთ. მეტი პასუხისმგებლობა, გამჭრიახობა და სიფრთხილე გმართებთ. ნუ იქნებით მაშველი რგოლი პუტინისტური რეჟიმის პროპაგანდის.

არ მინდა ვიფიქრო, დავუშვა და დავიჯერო, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების უკან რუსული პარტიის ინტერესების გატარებაა, კონკრეტული ოპოზიციონერების მხრიდან. ნება იბოძეთ, გამოდით და მეტი სიმკვეთრე შეიტანეთ პოზიციაში ან არ გაგიკვირდეთ თუ ხალხი ოცნებაზე მიყიდვაში, მათ თამაშში დაგადანაშაულებთ" - წერს ხაბეიშვილი.

ხათუნა სამნიძის გაკეთებულ განცხადებაზე კითხვა საქართველოში ევროკავშირის ელჩსაც დაუსვეს, პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ვისაც ესაუბრა, "როგორც მმართველი პარტიიდან, ისე ყველა ოპოზიციური პარტიიდან, ყველა ძალიან მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას".

კომენტარები