აშშ-ს სამხედრო ბაზაზე თავდასხმა

აშშ: გასულ კვირას ერაყსა და სირიაში ჩვენს ბაზებზე იერიშის შედეგად 20-ზე მეტი სამხედრო დაშავდა

ამერიკელი ჯარისკაცების სამხედრო მანქანები ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე, ანბარის პროვინციაში, ერაყში
REUTERS/John Davison/File Photo

გასული კვირის განმავლობაში ერაყსა და სირიაში აშშ-ს სამხედრო ბაზებზე თავდასხმების შედეგად აშშ-ს 20-ზე მეტი სამხედრო დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა ავრცელებს

პენტაგონის პრესმდივნის პეტ რაიდერის თქმით, გასულ კვირას დრონებისა და რაკეტების გამოყენებით აშშ-სა და მისი მოკავშირეების ბაზებზე იერიში ერაყში, სულ მცირე, 10-ჯერ, ხოლო სირიაში 3-ჯერ მიიტანეს. 

აქამდე, თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აიღეს ერაყში მოქმედმა შიიტურმა პროირანულმა დაჯგუფებებმა. რაიდერის თქმით, თავდასხმებს ხელი შეუწყო ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა. 

პენტაგონის ცნობით, 20 ამერიკელი ჯარისკაცი მსუბუქად დაიჭრა სამხრეთ სირიაში ალ-ტანფის ბაზაზე თავდასხმის შედეგად. ამავე ინფორმაციით, ერთ-ერთი თვითმფრინავი ბაზაზე აფეთქდა. ერაყში, ალ-ასადის ბაზაზე თავდასხმის შედეგად კიდევ ორი ​​ჯარისკაცი დაშავდა. ამასთან, განგაშის დროს ბაზის ერთ-ერთი სამოქალაქო თანამშრომელი გარდაიცვალა, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

შაბათს, 14 ოქტომბერს პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ჰამასის თავდასხმის შემდეგ, ომის გაფართოების მცდელობის შესაკავებლად, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში კიდევ ერთ ავიამზიდს გააგზავნის.

Eisenhower CSG-ის ტიპის ავიამზიდი უკვე გაგზავნილ USS Gerald R. Ford-ს და სამხედრო ხომალდებს შეუერთდება აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მშვიდობის მხარდასაჭერად. 

ამასთან, 23 ოქტომბერს Axios-ი ამერიკელ და ისრაელელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ღაზაში მოსალოდნელი სამხედრო ოპერაციის დაგეგმვაში დასახმარებლად ისრაელში სამვარსკვლავიანი გენერალი და აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის კიდევ რამდენიმე ოფიცერი გაგზავნა.

გამოცემის ცნობით, ისრაელში გაგზავნილ ოფიცრებს შორისაა გენერალ-ლეიტენანტი ჯეიმს გლინი, რომელიც აქამდე საზღვაო ქვეითთა სპეცოპერაციებს ხელმძღვანელობდა და ერაყში ISIS-ის წინააღმდეგ ოპერაციებშიც იღებდა მონაწილეობას.

კომენტარები