ოკუპირებული აფხაზეთი

რამდენიმე მცირე სანაპირო დაცვის კატარღა შეიძლება განთავსდეს - ქადაგიშვილი ოჩამჩირეზე

ირაკლი ქადაგიშვილი

ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი სამხედრო საზღვაო ბაზის მოწყობაზე გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, "პროვოკაციულია" განცხადებები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ამ პროცესში რაიმე სახის სამხედრო ჩარევასთან დაკავშირებით. 

"მცირე აკვატორიაა, სადაც შეიძლება, რამდენიმე მცირე სანაპირო დაცვისთვის გამოყენებადი კატარღა განთავსდეს - ეს ერთი. მეორე, რუსეთის აგრესია და ოკუპაცია აფხაზეთის ტერიტორიასთან დაკავშირებით არის უკვე მომხდარი და მიმდინარე ფაქტი, პროცესი. ამიტომ თუ რაიმე დამატებითი ქმედება იქნება განხორციელებული, ეს, რა თქმა უნდა, იქნება მიმდინარე აგრესიის, ოკუპაციისა და ანექსიის გაგრძელება. დანარჩენი, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ ვითარებაში საქართველომ იქ რაიმე სამხედრო ხასიათის ჩარევა გააკეთოს, ძალიან გთხოვთ, ასეთი პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეიკავეთ" - თქვა ქადაგიშვილმა პარლამენტში.

ოქტომბრის დასაწყისში ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი სამხედრო საზღვაო ბაზა მოეწყობოდა. ამის პარალელურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსეთს ოკუპირებული სევასტოპოლიდან შავი ზღვის ფლოტის ხომალდები გაჰყავდა.

ვრცლად ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო პორტის მშენებლობის მნიშვნელობაზე წაიკითხეთ აქ – რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის აფხაზეთში მშენებლობის მნიშვნელობა უკრაინის ომის ფონზე.

კომენტარები