ალუდა ღუდუშაური

ღუდუშაური: ტარიელ ნაკაიძე არაკაცი, მატყუარაა

ქართული ოცნების წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ტარიელ ნაკაიძე მატყუარად და არაკაცად მოიხსენია. ღუდუშაურმა საპარლამენტო ტრიბუნა ნაკაიძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიკავა.

"ჩვენდა სამწუხაროდ, საზოგადოებას ამ დარბაზიდან ძალიან ბევრი სიცრუე და არაადამიანობა მოუსმენია. რაც რამდენიმე წუთის წინ ამ დარბაზში ვიხილეთ, რთულია, რომ ისეთი ეპითეტების გარეშე შევაფასოთ, როგორებიცაა: არაადამიანობა, უღირსობა და არაკაცობა. რთულია, რომ ამ ყველაფერს რაიმე სხვა შეფასება მისცე. აქ ჩვენ შემაშფოთებელი კონტურები მოვისმინეთ იმ პირისგან, ვინც თავს დებს, რომ იმ კონფესიას მიეკუთვნება, რომელიც წესითა და რიგით, სიყვარულსა და შემწყნარებლობაზე ქადაგებს. მაგრამ, ზოგადად, ეს პიროვნება ვერ ჩამოყალიბდა, როგორც ადამიანად. ეს პირი იყო და დღემდე არის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი. მას თითი თითზე არ აქვს დადებული და ვერ ბედავს, შემოვიდეს და საკუთარი აზრი დააფიქსიროს, იმიტომ, რომ მატყუარაა. ის შუღლის გაღვივებას ცდილობს. რაზე ვლაპარაკობთ, წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი საუბრობდეს ჰუმანურობაზე, სიყვარულზე, ხალხს შორის ძმურ ურთიერთობაზე და - პირდაპირ შუღლზე საუბრობს. საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, მაგრამ ამ მაღალი ტრიბუნიდან პირდაპირ გეუბნებით, რომ ტარიელ ნაკაიძე არის მატყუარა, არაკაცი. ის იმის თვალსაჩინო ნიმუშია, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი და კაცი. ის არის არაკაცი. ნაკაიძე იმდენად პატარა კაცია, რომ ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას ვერ შეძლებს"- თქვა ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობდა.

ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ნაკაიძემ თქვა, რომ თავდაცვის ახალ კოდექსში კონფესიებს შორის თანასწორობის პრინციპი დარღვეულია და დისკრიმინაციული მიდგომაა.

ასევე, ნაკაიძემ სიტყვით გამოსვლის დროს 2021 წელს, ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ქართული ოცნების დეპუტატის, ნინო წილოსანის განცხადება გაიხსენა, რასაც უმრავლესობის დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა.

ნინო წილოსანი 2021 წლის იანვარში ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში ჩავიდა და აღნიშნა, რომ "ქართველ და მუსლიმ ადამიანებს შორის არაფერი გასაყოფი არ არის".

მოგვიანებით, წილოსანმა განაცხადა, რომ ადამიანებს "ქართველებისა და მუსლიმების" შესახებ მისი განცხადებიდან შინაარსის გამოტანა გაუჭირდათ და ეს საბჭოთა განათლების სისტემას დააბრალა.

"სამწუხაროდ , ხშირად ადამიანებს წაკითხული ან მოსმენილიდან შინაარსის გამოტანა უჭირთ. ამოგლეჯილად რაღაც სიტყვას ჩაეჭიდებიან და მერე მთლიან კონტექსტს კარგავენ . ეს საბჭოთა განათლების სისტემამ დაგვიტოვა და ვშიშობ ახლაც განსაკუთრებთ მაღალ საფეხურზე არ უნდა ვიყოთ ამ კუთხით..

მთელი ჩემი გურიაში ჩასვლის, ადგილობრივი ქრისტიანი და მუსლიმი მაცხოვრებლების უთანხმოების განმუხტვის მცდელობა და ყველა ჩემი კომენტარი იმ განწყობას იზიარებდა რომ ჩვენი მუსლიმი მოქალაქეები საქართველოს , ჩვენი ქვეყნის შვილები არიან და რომ საქართველოს ქრისტიან და მუსლიმ შვილებს გასაყოფი არაფერი აქვთ!!

ამის პარალელურად სეირის მაძიებელი მედიის მხრიდან რაღაც მექანიკური შეცდომით გაჯერდა სივრცე. ან დამირეკეთ და მკითხეთ სწორად გაიგეთ თუ არა, ან დაინტერესდით ვგულისხმობდი თუ არა რასაც დაატარებთ წინ და უკან... ერთი ორი გამონაკლისი ჟურნალისტის გარდა ეს სტანდარტი სხვებისთვის ალბათ არაამქვეყნიურია ..

ამიტომ აქ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ საქართველოს მოქალაქე- ქრისტიანი, მუსლიმი თუ სხვა რელიგიური მრწამსის ადამიანი არის ჩვენი ქვეყნის შვილი და სახელმწიფოს მხრიდან ექნება თანასწორი მხარდაჭერა , ისევე როგორც დაფასება

ამ პოსტის ბოლოს კი კითხვა : მართლა შინაარსი ვერ გაიგეს თუ განზრახ მავნებლობას ქონდა ადგილი (?)". – წერდა ნინო წილოსანი.


2021 წლის იანვარში ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში ორ მუსლიმ ახალგაზრდას თავს დაესხნენ, რათა ისინი მეჩეთში არ წასულიყვნენ. მაშინ, შსს-მ ძალადობის გამო ერთი ადამიანი დააკავა. მან თანასოფლელებს თავი ქვით დაუზიანა.

კომენტარები