საქართველოს პროკურატურა

ქრთამის აღებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

shutterstock

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი დააკავა.

ასევე, უწყების ცნობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტებზე კერძო კომპანიის დირექტორია დაკავებული.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წელს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ სამ სახელმწიფო შესყიდვის ტენდერში გამარჯვებულ შპს ალიანსთან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის, ნორიოსა და გამარჯვების საჯარო სკოლებში 11 764 590 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმდა. 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყების შემდგომ, შპს ალიანსის დირექტორსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს შორის კორუფციული გარიგება შედგა, რომლის მიხედვით, ბრალდებულებმა 2021-2022 წლებში შეადგინეს და მუნიციპალური განვითარების ფონდს წარუდგინეს შესრულებული სამუშაოს ყალბი მიღების აქტები, კერძოდ, ფორმა #2-ები და გადახდის სერტიფიკატები ხელოვნურად გაზრდილი შესრულებული სამუშაოების შესახებ. აღნიშნული ყალბი აქტების საფუძველზე, შპს ალიანსს 6 469 185 ლარი ჩაერიცხა, საიდანაც კომპანიის დირექტორმა ფონდის ყოფილ თანამშრომელს ქრთამის სახით 45 000 ლარი გადასცა.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული სამშენებლო-საინჟინრო დასკვნის თანახმად, სინამდვილეში შპს ალიანსის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება 4 216 004 ლარს შეადგენდა, შესაბამისად, სამუშაოების აქტებში დაფიქსირებულ თანხებსა და რეალურად შესრულებული სამუშაოების თანხებს შორის სხვაობამ 2 144 830 ლარი შეადგინა. საბოლოოდ, შპს ალიანსის დირექტორი სახელმწიფოს კუთვნილ 2 253 182 ლარს თაღლითურად დაეუფლა. ამასთან, დროში მნიშვნელოვნად გახანგრძლივდა სკოლების რეაბილიტაციის პროცესი, რის გამოც სამივე სოფლის სკოლა უფუნქციო იყო და მოსწავლეები იძულებულნი იყვნენ, საგანმანათლებლო პროცესები მიმდებარე სოფლებში არსებულ სხვა სკოლებში გადაეტანათ". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება მოხელის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე წარედგინა, რაც 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. 

ხოლო შპს ალიანსის დირექტორს კი ბრალდება თაღლითობის, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტებზე წარედგინა, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები