17 ოქტომბერს ვენესუელის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის ნავთობის სექტორზე დაწესებული სანქციები შეამსუბუქა.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის ახალი გენერალური ლიცენზიით, მომდევნო 6 თვის განმავლობაში ვენესუელა ნავთობის წარმოებასა და ექსპორტზე გატანას შეუზღუდავად შეძლებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი მიესალმება საარჩევნო შეთანხმების ფარგლებში ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს მხრიდან დათმობებზე წასვლას, თუმცა, აშშ მადუროს ნოემბრის ბოლომდე აძლევს ვადას, იმ პირობით, რომ იგი ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატებზე აკრძალვას მოხსნის და პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებს.
მადუროს მთავრობასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო შეთანხმებით ქვეყანაში არჩევნები შემდეგი წლის მეორე ნახევარში ჩატარდება და მას საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის, გაეროდან და ევროკავშირიდან დაესწრებიან.
ბლინკენის განცხადებით, საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, “კონკურენტუნარიანი არჩევნების, ასევე ადამიანების უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების სანაცვლოდ, ამერიკა მზად არის სანქციები შეამსუბუქოს”.
ვენესუელის ნავთობის სექტორი სანქციების ქვეშ 2019 წლიდან, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, იმყოფება.