რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულებას თქმით, აშშ უკრაინას ATACMS-ის რაკეტებს რეგულარულად მიაწვდის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის უფრო მეტ რაკეტას მიაწვდის.

როგორც უკრაინული მედია წერს, კულებამ დადებითად უპასუხა შეკითხვას - ნიშნავს თუ არა უკრაინისთვის ATACMS-ის პირველი პარტიის გადაცემა იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მათ რეგულარულად და ამასთან, უფრო დიდი რაოდენობით მიაწვდის. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე თქვა, რომ ეს არის პირდაპირი შედეგი ვოლოდიმირ ზელენსკის და ჯო ბაიდენს შორის სექტემბრის ბოლოს მიღწეული შეთანხმების. 

კულებამ ასევე აღნიშნა, რომ იმედოვნებს, მომავალში უკრაინა მიიღებს ATACMS-ის რაკეტებს, რომლებსაც 300 კილომეტრის მოშორებით სამიზნეებზე იერიშის მიტანა შეუძლიათ.

The New York Times-ის ცნობით, აშშ-მ უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის დაახლოებით 20 რაკეტა მიაწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა დასავლელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა ხაზს უსვამს იმასაც, რომ უკრაინისთვის მიწოდებულ ATACMS-ის რაკეტებს აქვთ კასეტური საბრძოლო მასალა, რომელსაც 950 პატარა ბომბის გაფანტვა შეუძლია. NYT-ი ასევე წერს, რომ მიუხედავად შეზღუდული დიაპაზონისა, რაკეტებს აქვთ საკმარისი დიაპაზონი იმისთვის, რომ მისწვდეს თითქმის ყველა ძირითად ბაზას, რომელსაც რუსეთი უკრაინაში საჰაერო მხარდაჭერისა და სამხედროების მომარაგებისთვის იყენებს.

17 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ბერდიანსკსა და ლუგანსკთან მდებარე აეროდრომებზე იერიშები მიიტანეს.

 უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაადასტურა უკრაინელი სამხედროების მიერ ამერიკული ATACMS-ის რაკეტების გამოყენებას.

"მადლობა ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის და მუშაობს! მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება! და განსაკუთრებული მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს. პრეზიდენტ ბაიდენთან ჩვენი შეთანხმებები სრულდება და ძალიან ზუსტად სრულდება - ATACMS-ებმა საკუთარი თავი აჩვენეს". - აღნიშნა ზელენსკიმ.

მანამდე The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-მ უკრაინაში ფარულად გაგზავნა "მცირე რაოდენობის რაკეტები".

კომენტარები