რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი ATACMS-ის რაკეტების გამოყენებას ადასტურებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკული ATACMS-ის რაკეტების გამოყენებას ადასტურებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

"მადლობა ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის და მუშაობს! მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება! და განსაკუთრებული მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს. პრეზიდენტ ბაიდენთან ჩვენი შეთანხმებები სრულდება და ძალიან ზუსტად სრულდება - ATACMS-ებმა საკუთარი თავი აჩვენეს". - აღნიშნა ზელენსკიმ.

მანამდე The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-მ უკრაინაში ფარულად გაგზავნა "მცირე რაოდენობის რაკეტები". უკრაინულმა ძალებმა 16-17 ოქტომბრის ღამით ოკუპირებულ ქალაქ ბერდიანსკსა და ლუგანსკში მდებარე ორ საჰაერო ბაზაზე დარტყმისთვის ATACMS-ის რაკეტები გამოიყენეს. 

"ATACMS-ები უკვე ჩვენთანაა. ბერდიანსკის აეროდრომზე მტრის ტექნიკას მათი მეშვეობით დაარტყეს. მადლობა ჩვენს პარტნიორებს! რუსები უკვე ფოტოებს აქვეყნებენ". - დაწერა უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ საკუთარ ტელეგრამ-არხზე.

ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ-არხებზე წერდნენ, რომ იერიშისთვის უკრაინელებმა ATACMS-ის კასეტური რაკეტები გამოიყენეს. ამ ტიპის საბრძოლო მასალა 200-300 მცირე ზომის ბომბს შეიცავს. ATACMS-ის რაკეტების რადიუსი 300 კილომეტრს აღწევს. ტელეგრამ-არხებზე გავრცელებულ ფოტოებში ჩანდა ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მცირე ზომის ბომბები.

ოქტომბრის დასაწყისში აშშ-ში უკრაინისთვის ATACMS-ების გადაცემის მზადყოფნა გამოთქვეს.

კომენტარები