რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NYT: ამერიკამ უკრაინას ATACMS-ის დაახლოებით 20 რაკეტა გადასცა

მარცხნივ - ATACMS-ის რაკეტა, მარჯვნივ - ATACMS-ის რაკეტის კასეტური საბრძოლო მასალა

The New York Times-ის ცნობით, აშშ-მ უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის დაახლოებით 20 რაკეტა მიაწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა დასავლელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, რაკეტები კიევს ფარულად გადასცეს, რათა სამხედრო ტვირთი რუს ოკუპანტებს არ დაებომბათ. ამასთან, როგორც NYT-ი წერს, ამერიკელებს უკრაინისთვის ATACMS-ების გადაცემით რუსების გაოცება სურდათ. 

გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით ასევე აღნიშნავს, რომ ATACMS-იებს გადაცემის ერთ-ერთი პირობა იყო, რომ უკრაინა ამ რაკეტებს რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების მიტანისთვის არ გამოიყენებდა.

გამოცემა ხაზს უსვამს იმასაც, რომ უკრაინისთვის მიწოდებულ ATACMS-ის რაკეტებს აქვთ კასეტური საბრძოლო მასალა, რომელსაც 950 პატარა ბომბის გაფანტვა შეუძლია. NYT-ი ასევე წერს, რომ მიუხედავად შეზღუდული დიაპაზონისა, რაკეტებს აქვთ საკმარისი დიაპაზონი იმისთვის, რომ მისწვდეს თითქმის ყველა ძირითად ბაზას, რომელსაც რუსეთი უკრაინაში საჰაერო მხარდაჭერისა და სამხედროების მომარაგებისთვის იყენებს.

გუშინ, 17 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ბერდიანსკსა და ლუგანსკთან მდებარე აეროდრომებზე იერიშები მიიტანეს. უკრაინის გენშტაბში დააზუსტეს, რომ დარტყმის შედეგად დაზიანდა მოწინააღმდეგის ორი ვერტმფრენი, საბრძოლო მასალის საცავი და საარტილერიო დანადგარები.

ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ-არხებზე წერდნენ, რომ იერიშისთვის უკრაინელებმა ATACMS-ის კასეტური რაკეტები გამოიყენეს. ტელეგრამ-არხებზე გავრცელებულ ფოტოებში ჩანდა ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მცირე ზომის ბომბები.

მოგვიანებით უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო საკუთარ ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ამერიკული ATACMS-ის რაკეტები უკვე უკრაინაშია და სწორედ მათი მეშვებით მიიტანეს იერიში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე აეროდრომებზე.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაადასტურა უკრაინელი სამხედროების მიერ ამერიკული ATACMS-ის რაკეტების გამოყენება.

"მადლობა ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის და მუშაობს! მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება! და განსაკუთრებული მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს. პრეზიდენტ ბაიდენთან ჩვენი შეთანხმებები სრულდება და ძალიან ზუსტად სრულდება - ATACMS-ებმა საკუთარი თავი აჩვენეს". - აღნიშნა ზელენსკიმ.

მანამდე The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-მ უკრაინაში ფარულად გაგზავნა "მცირე რაოდენობის რაკეტები".

    კომენტარები