ევროკავშირი

EU-ს წევრი ქვეყნების მინისტრები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას ითხოვენ

Reuters

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინისტრები მიგრანტთა და თავშესაფრის მაძიებელთა საქმეების სწრაფ და უფრო ეფექტიან განხილვას უჭერენ მხარს. მათი შეფასებით, ევროპაში ბოლო დროს მომხდარი ისლამისტური თავდასხმების შემდეგ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა, რომ ისინი, ვინც მიგრანტთა შორის უსაფრთხოებისთვის მაღალ რისკს შეიცავენ, ევროკავშირიდან სწრაფად გააძევონ.

ბრიუსელში შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების შედხვედრაზე, წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა საფრანგეთსა და ბელგიაში მომხდარი თავდასხმების საპასუხო ზომები და ჰამას-ისრაელის კონფლიქტის მიმდინარეობის პროცესში უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

"მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვინც საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, დაუყოვნებლივ, იძულებით დავაბრუნოთ უკან. ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო ეფექტიანები, დავხუროთ ყველა საკანონდებლო ხვრელი და მივიღოთ უფრო სწრაფი გადაწყვეტილებები". – ამბობს ევროკავშირის საიმიგრაციო კომისარი ილვა იოჰანსონი ჟურნალისტებთან საუბარში.

45 წლის ტუნისელი თავდამსხმელი, რომელმაც 17 ოქტომბერს ბელგიის დედაქალაქში ფეხბურთის ორი გულშემატკივარი მოკლა, არალეგალურად იმყოფებოდა ევროკავშირის ტერიტორიაზე, მას შემდეგ, რაც მას უარი უთხრეს თავშესაფრის მიღებაზე.

"ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ინსტიტუტი და წევრი სახელმწიფო ისევ გულუბრყვილოდ უყურებს საკითხს". – ამბობს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი. 

ევროკავშირის ტერიტორიაზე, რომლის მოსახლეობაც 450 მილიონ ადამიანს შეადგენს, მხოლოდ ბოლო წელს 250 ათასმა არალეგალურმა მიგრანტმა შეაღწია.

კომენტარები