მასწავლებლის მკვლელობა საფრანგეთში

Le Monde: არასში მასწავლებელზე თავდამსხმელი ტერორისტის მამა ამჟამად საქართველოში ცხოვრობს

afp.com/Denis Charlet

ფრანგული გამოცემა Le Monde-ის ცნობით, არასში მასწავლებელზე თავდამსხმელი ტერორისტის მამა ამჟამად საქართველოში ცხოვრობს. მათი ცნობით, 20 წლის მოჰამედ მოგუჩკოვის ისლამისტურ იდეოლოგიაზე გავლენა მამამ მოახდინა, რომელიც 2018 წელს საფრანგეთმა გააძევა და ამჟამად საქართველოში ცხოვრობს. იქიდან გამომდინარე, რომ მამა ახლა საქართველოში იმყოფება, საფრანგეთის პოლიციას ჯერჯერობით ის არ დაუკითხავს. 

საფრანგეთის პროკურატურაზე დაყრდნობით, პოლიციამ მოჰამედ მოგუჩკოვი და მასთან დაკავშირებული კიდევ ორი პირი დააკავა - მოჰამედის 16 წლის ძმა მოვსარი და 15 წლის ბიძაშვილი, თავდასხმის ხელშეწყობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. მოვსარ მოგუჩკოვით საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტო (DGSI) ჯერ კიდევ 2023 წლის ივლისში დაინტერესდა, მაგრამ საფრანგეთის პროკურატურას სამართლებრივი დევნა არ დაუწყია.

თავად თავდამსხმელის, მოჰამედ მოგუჩკოვის წინააღმდეგ ასევე არსებობდა სამართლებრივი დავა საფრანგეთის პროკურატურაში, სადაც მას დედასა და დაზე ძალადობაში ედებოდა ბრალი, თუმცა საქმე დაიხურა, რადგან მოწმეებმა უარი თქვეს ჩვენების მიცემაზე. 

საფრანგეთის პროკურატურის ცნობით, მოჰამედ მოგუჩკოვი ინგუშეთიდანაა, თუმცა წლების განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა და სწავლობდა. საფრანგეთის პოლიციამ დაადგინა მოგუჩკოვის კავშირები ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან. 

მოჰამედ მოგუჩკოვმა არასში თავდასხმამდე 30 წამით ადრე სოციალურ ქსელში გადაიღო ვიდეო, სადაც ის "ფრანგული ღირებულებებისადმი" სიძულვილს გამოხატავდა.

"ოჰ ფრანგები, მხდალებისა და ურწმუნოების ერი. მე ვიყავი თქვენს სკოლებში წლების მანძილზე, ვხოვრობდი თქვენს შორის უფასოდ,(...) თქვენ მე მასწავლეთ რა არის დემოკრატია და ადამიანის უფლებები და ამით თქვენ ჯოჯოხეთში ჩამაგდეთ" - ამბობს ტერორისტი თავის ვიდეოში. 

საფრანგეთის პროკურატურის ცნობით, ვიდეოში ტერორისტი ასევე ადასტურებდა თავის მხარდაჭერას ერაყში, აზიასა და პალესტინაში მცხოვრები მუსლიმების მიმართ, თუმცა არ უხსენებია მისი ქმედების კავშირი ისრაელში განვითარებულ ბოლო მოვლენებთან. 

კომენტარები