ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

სი ძინფინგი ისრაელი-ჰამასის ომში მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

სი ძინფინგი პეკინში გამართულ სარტყლისა და გზის ფორუმზე, 2023 წლის 18 ოქტომბერი
Edgar Su/Reuters

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, სი ძინფინგმა ეგვიპტის პრემიერმინისტრ მუსტაფა მადბულისთან შეხვედრისას ისრაელი-ჰამასის ომში მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პეკინი კრიზისის "ყოვლისმომცველი, სამართლიანი და გრძელვადიანი გადაწყვეტის" მოძებნაში დახმარებისთვის მზადაა.

მედიის ცნობით, ჩინეთის ლიდერმა ისრაელი-ჰამასის ომზე პირველი ვრცელი საუბრისას თქვა, რომ "მნიშვნელოვანია კონფლიქტის გაფართოების ან კონტროლის დაკარგვის თავიდან აცილება". მანვე დასძინა, რომ კრიზისიდან გამოსვლის "ფუნდამენტური" გზა დამოუკიდებელი პალესტინის შექმნაა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ისრაელთან მყარ სავაჭრო ურთიერთობებს ინარჩუნებს, მისი ისტორიული კავშირები პალესტინელებთან უფრო მჭიდროა. აღსანიშნავია, რომ 1988 წელს ჩინეთმა პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა აღიარა, 4 წლით ადრე, ვიდრე პეკინი ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებდა.

ამასთან, ჩინეთს, რუსეთთან ერთად, ჯერჯერობით ჰამასი ისრაელზე თავდასხმის გამო არ დაუგმია, თუმცა, პეკინმა და მოსკოვმა გააკრიტიკეს ისრაელის გადაწყვეტილება ღაზის ბლოკადასთან დაკავშირებით.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები