ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

რიში სუნაკი სოლიდარობის ნიშნად ისრაელში ჩავიდა

რიში სუნაკი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი რიში სუნაკი 19 ოქტომბერს ისრაელში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში იგი ისრაელელ კოლეგას, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგს შეხვდება და კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჰამასის წინააღმდეგ ომში ბრიტანეთის ისრაელისადმი მხარდაჭერას.

ჩასვლის შემდეგ სუნაკმა სოციალურ მედიაში გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ იგი ისრაელთან ერთად გლოვობს და გვერდში უდგას მას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. 

სუნაკის მთავარი მიზანი ისრაელისადმი მხარდაჭერის გამოხატვა, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების საკითხის წამოწევა და ისრაელის მხრიდან ჰამასის თავდასხმაზე "მშვიდი და მოზომილი" პასუხის აუცილებლობის ხაზგასმა იქნება. 

18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც ჩავიდა, თუმცა, ღაზის სექტორში მდებარე ალ-აჰლის საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების ფონზე, რიგი დიპლომატიური შეხვედრები გაუქმდა. 

ბაიდენის თქმით, მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ისრაელს საავადმყოფოზე იერიში არ მიუტანია და ეს "მეორე მხარის" ჩადენილია. 

ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში პრემიერმინისტრის კითხვა-პასუხისას რიში სუნაკმა თქვა, რომ ბრიტანული სადაზვერვო სამსახურები მუშაობდნენ, დაედგინათ ვინ გამოიწვია საავადმყოფოში აფეთქება და მან პარლამენტის წევრებს ურჩია, მომხდარზე ნაადრევი დასკვნები არ გამოეტანათ.

კომენტარები